კორონავირუსს საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დაუხევია უკან. მართალია, შემთხვევების რაოდენობა იკლებს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეპიდემიის დასასრული მალე არ დადგება. ახალქალაქის რაიონში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ვირუსი სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა. სკოლა სწავლების დისტანციურ ფორმატზე არ გადადის, რადგან დანარჩენ მასწავლებლებს ვირუსი არ დაუდგინდათ, ხოლო დადასტურებული დიაგნოზის მქონე მასწავლებელი უკვე თვითიზოლაციაშია.
დანარჩენი პედაგოგები ტესტს სამ დღეში გაიკეთებენ.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, სირანუშ ტონაკანიანი ამბობს, რომ აპრილიდან ახალქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ის მთლიანად გაქრა.
შემცირდა ვაქცინის მიმღებთა რაოდენობაც.
ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი, ალექსანდრე თოროიანი ამბობს, რომ კვირაში 1-3 აცრა ტარდება.
ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ახალქალაქში 3 სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი: Sinovac-ი, Sinopharm-ი და BioNTech-Pfizer-ი.