არმენ ჰოვანისიანი პროფესიით მხატვარ-დიზაინერია. დაიბადა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში. ზღაპრის პერსონაჟების გაცოცხლებით მან შექმნა თოჯინები, წერს ზღაპრებს ადამიანებს შორის ურთიერთობებსა და პრობლემებზე, რეალობასა და იმაზე, თუ რა აკლიათ ადამიანებს.
საკმაოდ დიდი ხანია არმენი, თავისი მოძრავი თეატრით სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში მართავს წარმოდგენებს სომხური იდენტობის შენარჩუნებით.
თოჯინების დამზადება 10 წლის წინ დაიწყო, დღეს უკვე თოჯინების თეატრი აქვს.
“გადავწყვიტე ზღაპრის პერსონაჟები გამეცოცხლებინა და თოჯინების დამზადება დავიწყე. შემდეგ იყო საკოლექციო თოჯინები, და ამ სამყარომ ყველაზე მეტად მომხიბლა. არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება, ვცდილობ ვეძებო სიახლე. გადავწყვიტე, რომ თოჯინების კოლექცია შესაძლებელია გადაიქცეს თეატრალურ წარმოდგენად. 4 წლის წინ ჩემი თოჯინების თეატრი დავაფუძნე”.
მისი დაწერილი ზღაპრები არა მხოლოდ პატარებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც არის, რადგან მათში რეალობა წარმოდგენილია ზღაპრის სახით, სადაც გამოვლენილია არსებული პრობლემები.
არმენის პირველი წარმოდგენა იყო ჰოვანეს თუმანიანის ზღაპარი “ძაღლი და კატა”. წარმოდგენა თუმანიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა, რის შემდეგაც სერია გაგრძელდა. შემდეგ, თეატრალური სტილის შეცვლით, თოჯინები მარიონეტებად აქცია, რაც თავის მხრივ უნიკალურია, რადგან თოჯინების თეატრი იშვიათია ჩვენს რეგიონში, ხელოვნების ეს სფერო გაქრობის საფრთხის წინაშეა.
„მინდოდა შემენარჩუნებინა ამ თეატრის მიმართულება ჩემი მიდგომით, გადაწყვეტილებებით და შინაგანი სამყაროთი, რადგან მას დიდი, ღრმა ისტორია აქვს. სომხები დაკავებულნი იყვნენ თეატრალური ხელოვნებით და თბილისში თოჯინების თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლები იყვნენ. მე არ ვარ ნოვატორი, მე ვარ ამ ხელოვნებისა და კულტურის მიმდევარი და დამცველი ვარ.
არმენის თოჯინების თეატრს დაფინანსების კონკრეტული წყარო არ გააჩნია. თეატრს საკუთარი შემოსავლებით ინახავს, როგორც თავად ამბობს, მოკრძალებული საშუალებებით. მის სპექტაკლებში მსახიობებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ბოლო დროს, მარტო თამაშობს, რადგან მსახიობის დაქირავების ფინანსური საშუალება არ აქვს.
არმენის აუდიტორია მრავალეროვნულია და არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვები. სპექტაკლებს ბავშვების გარდა უფროსებიც ესწრებიან, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ზღაპრის სიყვარული. სპექტაკლების დროს ხდება კოლაჟების, საცეკვაო და მუსიკალური ნომრების დემონსტრირება, რომელთა მეშვეობითაც სომხური კულტურაა წარმოდგენილი.
ამ დროისთვის ბევრი მიწვევა აქვს, შეძლებისდაგვარად ცდილობს უფრო მეტად სომხურ სოფლებს ესტუმროს. დარწმუნებულია, რომ ის თუ არ წავა, ძალიან ბევრი ბავშვი თავის ცხოვრებაში მეტჯერ ვეღარ ნახავს თოჯინების თეატრს.
“არც ერთხელ არ გამიყიდია ერთი ბილეთიც კი. როდესაც სოფლებში მივდივარ, ფულზე საუბარიც კი არ არის. მართალია ყოველ ჯერზე ბევრ პრობლემას ვეჯახები, მაგრამ ყველა ღონეს ვხმარობ ის გავაკეთო, რასაც ჩემგან ელოდებიან. უნდა ნახოთ, როგორი აღტაცებით მოდიან ბავშვები ყოველ ჯერზე, როგორ უხარიათ, მეხმარებიან თოჯინების ტრანსპორტირებაში. ასეთ მომენტებში ფულზე საერთოდ არ ვფიქრობ. ამას ქველმოქმედებად არ მივიჩნევ, მაგრამ ვგრძნობ სულიერ კმაყოფილებას იმისგან, რომ რაღაც კარგს ვაკეთებ, იმიტომ, რომ მე თვითონ, ბავშვობიდან ველოდებოდი ასეთ თეატრს, რომელიც არა და არ მოვიდა”.
ბევრი ამტკიცებს, რომ ჩვენი ბავშვები ხელოვნებას მოწყვეტილი არიან, ამას თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირებენ, მაგრამ არმენი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მიაჩნია, რომ ეს მშობლების სიზარმაცისა და უყურადღებობის ბრალია, როცა ისინი ბავშვებს სმარტფონებს აძლევენ, რათა ბავშვი წყნარად იჯდეს, ნაცვლად იმისა, რომ სწორად აღზარდონ ის. მერე ამბობენ, რომ ამ საუკუნის ბავშვები არ ისწრაფვიან ხელოვნებისკენო. ამ დროს ყველა ბავშვს აინტერესებს ზღაპარი, თეატრი, თოჯინები. ყველა ეს მითი ზარმაცმა მშობლებმა მოიგონეს.
არმენი სულ ახლახანს დაბრუნდა ერევნიდან და ფარაჯანოვის მუზეუმიდან მიიღო მიწვევა. ამჟამად ახალ სპექტაკლზე მუშაობს. მალე გეგმავს პატარა მაყურებელს ანახოს “წითელქუდა” ახალი ინტერპრეტაციით. ზღაპარში ბებია მოხუცებული და საწოლზე მიჯაჭვული არ არის, არამედ საფრანგეთიდან არის ჩამოსული და მგელზეა შეყვარებული. არმენის თქმით, ეს ახალი ვერსია უფრო მიიზიდავს მაყურებელს, ისინი ისტორიას ახლებურად შეხედავენ. მაგრამ შენარჩუნებული იქნება ზღაპრის ცენზურა.
საკოლექციო თოჯინებს რაც შეეხება. თუ არმენი მათ შეკვეთით ამზადებს, მათ ყიდის. კოლექციისთვის შექმნილ თოჯინებს კი ინახავს.
ბოლოს მეთოჯინე მოუწოდებს ადამიანებს, არასოდეს დაუშვან თავიანთი შინაგანი ზღაპრის გაქრობა. იმიტომ, რომ ზღაპრებს შორს ვიკარგებით, რადგან ზღაპრისგან დისტანცირებით ჩვენ ვკარგავთ საკუთარ თავს, რობოტებს ვემსგავსებით და სულში მიძინებული ზღაპარი გვეხმარება ადამიანებად დარჩენაში და თოჯინად არ გადაქცევაში.
არმენ ჰოვანისიანს აქვს დღიური, სადაც წერია, რომ პირველი მეთოჯინე იყო ღმერთი, რომელმაც ადამიანი შექმნა, მოუწოდა მას არ გამხდარიყო მარიონეტი.
“ადამიანები მარიონეტებად იქცნენ, მაგრამ თოჯინები დამპირდნენ, რომ არასოდეს გახდებოდნენ ადამიანები.
ლიდა ალმასიანი