საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ევროკომისიის დასკვნას ელოდება. პოზიტიური დასკვნის და კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ეს იქნება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა კიდევ მრავალი წელი გაგრძელდეს.
მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკომისიის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. კითხვარები, რომლებიც 2400-მდე კითხვას შეიცავს, სავალდებულო ნაწილია არა ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის იქნება ევროკომისიის დასკვნა საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით.
“იმედია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ეს რეალურია, მაგრამ, რაც შეეხება იმას, თუ რამდენი დრო დასჭირდება ევროკავშირის წევრობას, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ევროკავშირი მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო აუცილებლად მიიღებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – აცხადებს რონდელის ფონდის ექსპერტი, ვლადიმერ პაპავა.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრები არიან, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. სამმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სარგებლობს თავისუფალი სავაჭრო ზონებითა და უვიზო რეჟიმით. 2021 წლის მაისში „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატის შექმნა გამოცხადდა, რაც თბილისის, კიევისა და კიშინიოვის მჭიდრო კოორდინაციას გულისხმობს, რაც ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
პირველი კითხვარი, რომელიც პრეტენდენტ ქვეყნებს შესთავაზეს, პოლიტიკური და ეკონომიკური ნაწილისგან შედგება. მისი ყურადღების არეალს წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
მეორე ნაწილი ეძღვნება ევროკავშირის სამართალს, რომელსაც ეწოდება acquis. რომლის მიზანია იმის გარკვევა, თუ რა სამართლებრივი ნორმები და წესები მოქმედებს ქვეყანაში და როგორ ინერგება მასში ევროპული კანონმდებლობა. ეს არის ის, რაზეც შემდგომში ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს, როგორიცაა საქონლის გადაადგილების თავისუფლება, საგადასახადო სისტემა, ან გარემო და კლიმატის ცვლილება.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) პოლიტოლოგის, გელა ვასაძის თქმით, უკრაინასაც კი არ აქვს შანსი, რომ დაუყოვნებლივ შევიდეს ევროკავშირში. მისი აზრით, პრობლემა ევროკავშირში კი არა, საქართველოშია.
„ევროკავშირში ყოფნისთვის საჭიროა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ქონა. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ მთელ რიგ კრიტერიუმებს. უნდა გქონდეთ ინსტიტუტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კორუფციას და ა.შ. უნდა იყოთ თანამედროვე და ცივილიზებული ქვეყანა. ჩვენ ჯერჯერობით ასეთი არ ვართ და არც არასდროს ვყოფილვართ. შეგახსენებთ, რომ თურქეთი 20 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, – ამბობს ის.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, ევროკავშირი კითხვარებზე დასკვნის მომზადებას არ დააყოვნებს.
”საქართველომ და მოლდოვამ, უხეშად რომ ვთქვათ, თქვეს, — ”დიახ, ჩვენ გვეშინია რუსეთის.” რა თქმა უნდა, ამიტომაც გვაქვს ჩვენ, საქართველოს, ასეთი ორაზროვანი პოზიცია, მაგრამ, მაინც მივდივართ ევროპაში. პრინციპში, ჩვენი ევროპული კურსი გვაძლევს იმას, რომ ევროპა იმას მაინც გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნორმალური ქვეყანა გავხდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით, რადგან არსებობს საკანონმდებლო ბაზა, არის ბევრი ნიუანსი, რომელიც ევროკავშირთან კოორდინაციის გარეშე უბრალოდ, ვერ გადაწყდება. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ევროკავშირში გავწევრიანდებით, მაგრამ მინდა, რომ ეს ადრე იყოს და მოვესწრო“, – ამბობს გელა ვასაძე.
ევროკავშირი თავის დასკვნას მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც მას ევროკომისრები დაამტკიცებენ. სავარაუდოა ორი ვარიანტი: რეკომენდაცია გაუწიოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ან პრეტენდენტ ქვეყანას მისცეს რეკომენდაციების სერია, თუ ბრიუსელი გადაწყვეტს, რომ ქვეყანა არ არის მზად. ევროკომისიას არ აქვს მკაფიო ვადები, რომლებშიც იგი ვალდებულია მოამზადოს დასკვნა.
თუმცა, ევროკომისიის დადებითი დასკვნა ჯერ არ ნიშნავს გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას – ამის შემდეგ საკითხი განსახილველად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაეცემა, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ. ამისათვის საჭიროა კონსენსუსი ყველა ეტაპზე.
„დიდი ალბათობით გვეტყვიან რა უნდა გამოვასწოროთ, თუნდაც იმისთვის, რომ კანდიდატი გავხდეთ. მოგვცემენ რეკომენდაციებს სასამართლოს დამოუკიდებლობით დაწყებული, ადგილობრივი ხელისუფლების დონემდე, ეთნიკური უმცირესობებისა და საერთოდ უმცირესობების უფლებებისა და ა.შ. ჩვენ “პოსტსაბჭოთა” ქვეყანა ვართ, ეს შეურაცხმყოფელი სიტყვაა, მაგრამ ყოველთვის გამოვიყენებ. ბალტიის ქვეყნები არ არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები. უკრაინას აქვს შესაძლებლობა ომის შემდეგ არ იყოს პოსტსაბჭოთა. ყველა ქვეყანა არ არის თანახმა, რომ საქართველო ევროკავშირის ნაწილი იყოს, რადგან საქართველოს არ აქვს შესაბამისი სტანდარტები. ვინ იქნება წინააღმდეგი, რომ საქართველო იყოს კანდიდატი, აქ ბევრი ვარიანტია, არა მარტო ქვეყნები წყვეტენ, არამედ შარლ მიშელი“, – ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მთავარი სამუშაო მხოლოდ დაიწყება და ეს პროცესი ძალიან დიდხანს გასტანს.