საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 40872,49 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 406,8 გრამი) აღმოაჩინეს.
უწყების განმარტებით, კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6154.73 ლარის ოდენობით შეეფარდა.