ნინოწმინდის რაიონის სოფელ სამების საჯარო სკოლა აპრილის შუა რიცხვებიდან ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, მიზეზი სკოლის შენობაში დაბუდებული გველებია.  სასწავლო პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც სკოლის დირექტორი, მზექალა მინაძე ამბობს, საჭიროა განმეორებითი დეზინფექცია და მხოლოდ პროფესიული დასკვნის შემდეგ გადავა სკოლა სწავლების რეალურ რეჟიმზე.

„ამჟამად სკოლის ეზოში გველი არ არის. სპეციალისტები შეისწავლიან, დარჩა თუ არა ბუდეები, შესაძლებელია თუ არა გაკვეთილების დაწყება უშუალოდ სკოლაში და ამის საფუძველზე დავიწყებთ სასწავლო პროცესს“, – ამბობს დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოფლის სკოლა გველების გამო დაიხურა. სოფელში ქვეწარმავლები მკვეთრად მომრავლდნენ.  სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, იატაკზე ბეტონს ასხამენ.