ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ინფორამციის თანახმად, შესაბამისი ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში შევიდა.
რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.