Jnews-ის წყაროს ინფორმაციით, ომის დროს უკრაინაში დაახლოებით 30 სომეხი დაიღუპა, უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
როგორც Jnews-ს უკრაინელმა კოლეგებმა განუცხადეს, ომის დროს, ზოგი წყაროს ინფორმაციით – 29, ზოგის მიხედვით 30 სომეხი დაიღუპა. მათგან ერთი მეექვსედი სამხედროა. მსხვერპლთა უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა. დაღუპულთა უმეტესობა მარიუპოლიდან არიან. სომხური თემის პირველი გარდაცვლილი წარმომადგენელი ქალაქ ხერსონის მკვიდრი იყო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის სომეხთა კავშირის არაოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში დაახლოებით 400 000 სომეხი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ახლა ომია, უკრაინელ სომეხთაგან ბევრმა ქვეყანა არ დატოვა და ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ ქვეყანას, რითიც შეუძლიათ. ომის 76-ე დღის მდგომარეობით, უკრაინის სომხურმა თემმა, მისი წარმომადგენლების თქმით, 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვა, ასევე აღჭურვილობა, ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებები, რომ აღარაფერი ვთქვათ სომხური რეგიონული თემების დახმარებაზე. უკრაინას რეგიონული თემები ცალკე ეხმარებიან.
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა უკრაინის სომეხთა კავშირს „მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის“.
„ეს არის უკრაინის მადლიერება ყველა სომეხისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან თავიანთ უკრაინელ მეგობრებს მხარში უდგანან. გაგრძელება იქნება“, – განაცხადა უკრაინის სომეხთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოვაკიმ ჰარუთუნიანმა.