ქართველმა მეცნიერებმა გაშიფრეს კორონავირუსით დაავადებული 6 ქართველი პაციენტის კორონავირუსის გენი.
“მინდა, სიამაყით განვაცხადო, 6 შტამი, ანუ 6 ქართველი პაციენტის კორონავირუსის გენი გაშიფრულია”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
მისი თქმით, აღნიშნულის შედეგად შესაძლებელია, თვალი მიადევნონ, პაციენტებში აღმოჩენილი შტამები უცხოეთის, რომელ ქვეყანაშია გავრცელებული.
„მინდა, სიამაყით განვაცხადო, რომ 6 შტამი, ანუ 6 ქართველი პაციენტის ვირუსის გენი გაშიფრულია. ატვირთულია ვირუსების გენომების მსოფლიო ბაზაში. მაგალითად, ირანული წარმოშობის ავადმყოფის ვირუსის გენი კარგად ჩაჯდა ირანულ ჯგუფში, იტალიური წარმოშობის – იტალიურ ჯგუფში. ეს ვირუსები განსხვავდებიან. ვირუსის გავრცელებასთან ერთად მისი მუტაცია სულ ხდება და კორონავირუსის ეს შტამები ერთმანეთისგან განსხვავდება. შედეგად, ჩვენ ადვილად მივადევნებთ თვალყურს, არა მარტო ჩვენი პაციენტები საიდან ჩამოვიდნენ, არამედ ვირუსს რომ გამოვყოფთ, ვიცით ის ვირუსი, რომლის ნათესავია, რომელი ქვეყნაშია გავრცელებული. სხვათა შორის, გვქონდა შემთხვევა, ჩვენი პაციენტი ამბობდა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა რამდენიმე ქვეყნის უცხოელთან. დავადგინეთ, რომელი უცხოელისგან იყო ინფიცირებული, რადგან იმ ქვეყანაში გავრცელებული შტამის იდენტური იყო მისი ვირუსი. ამას აკეთებს დღეს ლუგარის ცენტრი ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.