ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვეტერინარები არ ჰყოფნით. ახალგაზრდები ამ პროფესიას არ ირჩევენ. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში, დიდი ალბათობით, მომავალი სასწავლო წლისთვის ვეტერინარიის პროფესიონალური პროგრამა ამოქმედდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მესაქონლეობას მისდევს, მაგრამ მთელს მუნიციპალიტეტში სულ რამდენიმე ვეტერინარია, ისინიც ასაკოვნები.
დღეისათვის ახალგაზრდები დიდი მონდომებით არ ირჩევენ ვეტერინარის პროფესიას.
ნარინე ზაკარიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია, ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობს. მას არ უყვარს ექიმის პროფესია, ამიტომ არ მოისურვა ვეტერინარის პროფესია.
“ჩემი აზრით, ყველა პროფესია კარგია, უბრალოდ უნდა გიყვარდეს. ჩემს დაქალს უნდოდა ვეტერინარი გამხდარიყო, შემდეგ, როცა თბილისში გაემგზავრა, ჩვენ ხომ ენობრივი პრობლემა გვაქვს, მიხვდა, რომ ტერმინოლოგიის შესწავლა გაუჭირდებოდა და გადაიფიქრა. ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. კლასში კიდევ ერთი ბიჭი გვყავდა, მასაც სურდა სკოლის ასაკში ვეტერინარი გამხდარიყო, მაგრამ მერე, იმანაც სხვა პროფესია აირჩია. ოჯახთან ერთად რუსეთში წავიდა”, – ამბობს ნარინე ზაკარიანი.
ანდრანიკ პეტროსიანი სოფელ პატარა სამსარიდან არია. სკოლა წლეულს ამთავრებს. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარება სურს.
“ვეტერინარი – ნორმალური პროფესიაა, თუმცა, მე არ მომწონს”, – ამბობს ის.
სოფელ ორჯას მკვიდრ ვენერა ნიკოგოსიანს ბიზნეს ოპერატორობა სურს და მიაჩნია, რომ სოფლის ახალგაზრდობას სურს ყოველდღიური საზრუნავისგან თავი შორს დაიჭირონ.
“ეს ძალიან სერიოზული საქმეა, ადამიანს უნდა უყვარდეს ცხოველები. გარდა ამისა, სოფლის ახალგაზრდობას სურს პრესტიჟული სპეციალობა აირჩიონ”, – ამბობს ვენერა ნიკოგოსიანი.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში ვეტერინარიის შემსწავლელი პროფესიული პროგრამის გახსნისთვის ემზადებიან. ჯერჯერობით შენობისა და ლაბორატორიის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
“ვეტერინარია – ეს ის პროგრამაა, სადაც აუცილებელია სპეციალური ლაბორატორიის ქონა. ჯერ არ შეგვიძლია გავხსნათ შენობა, სანამ მზად არ იქნება. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ მიღებას. შარშან იმ პროგრამებზე გამოვაცხადეთ მიღება, რომლებისთვისაც შესაბამისი ლაბორატორია, მატერიალური ბაზა გვქონდა. შარშან ყველა პროგრამაზე კონკურსი გვქონდა”, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში ვეტერინარიის 5-სამკურნალო სასწავლო პროგრამაა, ის საქართველოში ერთადერთია. ჩაბარება შესაძლებელია პროგრამით “4+1”, მაგრამ ახალქალაქელებიდან სამწუხაროდ, არავინ მიდის სასწავლებლად.
როგორც მაკა ბერიძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ შენობის მომზადების სამუშაოები სექტემბერში დასრულდება, როგორც მშენებლები ჰპირდებიან, სექტემბერშივე დაიწყებენ პროგრამის ავტორიზაციას და უკვე მომდევნო წლისთვის დაიწყება პროფესიული სწავლება.
ბერიძის აზრით, ახალგაზრდები იმიტომ არ ირჩევენ ვეტერინარის პროფესიას, რომ დარწმუნებულნი არ არიან, რომ სამუშაოს იშოვიან.
“მარტო სურვილი საკმარისი არ არის, საჭიროა პროფესიის სიყვარული, ცოდნის გაღრმავება. საჭიროა მეტი რეკლამა, პოპულარიზაცია. სამწუხაროდ, ახალქალაქში ჯერჯერობით ეს პროგრამა არ მაქვს, როცა იქნება, მაშინ თითოეულ სკოლამდე უნდა მივიდეთ, რაც მთავარია – ვიმუშაოთ მშობლებთან, მათაც გავესაუბროთ”, – ამბობს მაკა ბერიძე.
ახალგაზრდა ვეტერინარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, არმან ჰარუთუნიანი ამბობს, რომ ვეტერინარის პროფესია, არც ისე მომგებიანი და პრესტიჟულია, ამიტომ სხვა პროფესიებს ირჩევენ.
შემდეგ კი დასძენს: “კარგი პიარის შემთხვევაში, ვფიქრობ ვეტერინარიის შესწავლის მსურველები გამოჩნდებიან”.
მანამდე კი, არსებული რამდენიმე ვეტერინარი მონდომებას არ აკლებენ თავიანთ პროფესიას, ახალი კადრები კი ჯერჯერობით არ ემზადებიან.