დღეს, 2 აპრილს, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებობს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მტკიცებულებები, რომელიც მათი გუნდის ყოფილმა წევრმა, ამჟამად კი «ქართული ოცნების» დეპუტატმა ენზელ მკოიანმა განახორციელა, ასევე ის რომ პოლიცია და პროკურატურა ფაქტზე რეაგირებას არ ახდენს.
„ქვეყანაში შექმნილია ძალიან მძიმე მდგომარეობა. პანდემიის გავრცელების კუთხით და ეკონომიკურ-სოციალური ვითარების კუთხით ყოველდღიურად უფრო და უფრო გასაჭირში არიან ჩვენი მოქალაქეები და ამ ფონზე მე მინდა გავამახვილო ყურადღება ძალიან საგანგაშო ფაქტზე. კერძოდ, იმ მტკიცებულებებზე, რომელიც გავიდა გუშინ საინფორმაციო „მთავარის“ ეთერში. ჩვენ ყველამ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის მიერ, სისხლის სამართის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი, რომელიც გამოირჩევა და გამოირჩეოდა ძალადობრივი ფაქტებით და არასდროს არ დასჯილა, მათ შორის მაშინ, როდესაც თავს დაესხა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმ დროს ამბობდნენ, რომ მკოიანი მათი გუნდის წევრია და რასაკვირველია, არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია. ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ ისროლა მკოიანმა. ამას უყურებს პოლიციაც, თვითმხილველი ჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ არც პოლიცია, არც პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ხმა გაისმა. საბოლოოდ არავინ დაშავებულა. როგორც გაირკვა, ისროდა, როგორც «ქართული ოცნების» მხრიდან, პარლამენტის დეპუტატი, ენზელ მკოიანი, ასევე «ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი.
29 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
31 მარტს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამველ პეტროსიანი და არმენ მკოიანი მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.