ოპოზიცია სამშაბათს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასშტაბურ აქციებს განაგრძობს. გადაიკეტება გზები, ქუჩები, მაგისტრალები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბლოკ „ჰაიასტანიდან“ იშხან საღათელიანმა ოპოზიციის აქციაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში ერევნის ცენტრში, საფრანგეთის მოედანზე მიმდინარეობს.
„ჩვენ ვრჩებით “საფრანგეთის მოედანზე”. 3 მაისს, 08:15 საათზე კვლავ ვიწყებთ დაუმორჩილებლობის აქციებს. ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები ჯგუფებად დაიყოფიან და დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მოძრაობას გადაკეტავენ. აქციის მონაწილეთა დანარჩენი ნაწილი 8:15 საათიდან მოედანზე იქნება, საიდანაც უკვე ფორმირებული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით წავლენ“, – განაცხადა მან.
საღათელიანმა მძღოლებს მიმართა და მოუწოდა მათ არაუმეტეს 15 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაონ, რათა მოძრაობის სრული პარალიზება განხორციელდეს. გარდა ამისა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყება რეგიონებში, გადაიკეტება საავტომობილო გზები.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციური პარტიიდან მოუწოდა ხალხს, შვილები სკოლაში არ გაგზავნონ, საწარმოების ხელმძღვანელებს კი, – აქციებს შეუერთდნენ. მანამდე ოპოზიციამ “საფრანგეთის მოედნიდან” მსვლელობა მოაწყო. მოძრაობა „წინააღმდეგობის“ მხარდამჭერები მაშტოცის გამზირზე გავიდნენ, ამირიანის ქუჩაზე გაიარეს, ნალბანდიანისა და საიათ-ნოვას ქუჩების გავლით “საფრანგეთის მოედანზე” მივიდნენ.