საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.
პროექტის მიხედვით, ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 50 ლარის ოდენობით. ცვლილებების გათვალისწინებით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ან დაშვებული კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ასევე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას – 50 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით.
ასევე ცვლილებები ეხება არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, ეს ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.
პროექტით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – 50 ლარიან ჯარიმას.
ზემოთ აღნიშნულია გარდა, საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ავტომობილიდან გადმოსხდომის მიზნით იმოძრაონ ან გაჩერდნენ. ამასთანავე, ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში კი, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.