ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაგვიანებით დაიწყო კარტოფილის თესვა.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილი 10 178 ჰექტარი მიწის ფართობზე დაითესა. რამდენს დათესავენ მიმდინარე წელს ჯერჯერობით უცნობია, რადგან თესვის სეზონი ახალი დაწყებულია. ამ მომენტისთვის მიწას თესვისთვის ამზადებენ, ძირითადად მსხვილი ფერმერები.
კარტოფილის თესვა ჯავახეთში წლეულს დაგვიანდა ცივი ამინდების გამო. ჯერ კიდევ დაახლოებით 14 დღის წინ ახალქალაქში თოვლი მოდიოდა, ყინავდა, ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსს მიუახლოვდა. მთაში თოვლი მთლიანად არ დამდნარა. თოვლსა და ახალ ბალახს შორის კონტრასტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ალპებში იმყოფები.
სოფელი ჩამდურა ერთ-ერთია, სადაც მოსახლეობას ძირითადად კარტოფილი მოჰყავს. ამ სოფლის მცხოვრებლებმა ერთ-ერთმა პირველებმა დაიწყეს თესვისთვის მზადება. იმის გამო, რომ კარტოფილის მოყვანა აქ ძირითადი საქმიანობაა, სამუშაოები ძირითადად ტექნიკის დახმარებით სრულდება. ეს შემამსუბუქებელი ვითარებაც კი ვერ ამსუბუქებს სამუშაოს მინდვრებში, მწველი მზის გულზე. როგორც ფერმერები ამბობენ, უნდა იჩქარონ, რადგან მომდევნო დღეებში წვიმებია მოსალოდნელი.
“რამდენიც შესაძლებელია, რის საშუალებასაც იძლევა ამინდი, ვიმუშავებთ მინდვრებში. წვიმების სეზონია, კარტოფილის დათესვა უნდა მოვასწროთ”, – ამბობს ფერმერი, ოვიკ მურადიანი.
მან და მისმა ვაჟებმა უკვე დაიწყეს მინდორში მუშაობა. მისი თქმით, ამ ნაწილში მიწა ნაყოფიერია – შავი მიწა, თუმცა მათი სოფლის მცხოვრებლები არ შემოიფარგლნენ სოფლის ტერიტორიით, არამედ იჯარით აიღეს სომხეთთან მოსაზღვრე სოფლების მიწები. სოფელ ჩამდურას მცხოვრებლებმა საკუთარი ძალისხმევით შექმნეს სარწყავი პირობები, მოიტანეს წყალი, შექმნეს ხელოვნური აუზი.
ამის მიუხედავად ფერმერები ირწმუნებიან, რომ კარტოფილის თესვა უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მათივე თქმით, გაძვირდა ყველაფერი – სასუქით დაწყებული საწვავითა და ტრაქტორის სათადარიგო ნაწილებით დამთავრებული.
“კარტოფილი არ გაძვირებულა, სხვა ყველაფერი უკვე გაძვირდა, ახლა კარტოფილი 1,10 – 1,20 ლარი ღირს. სათესლე კარტოფილი შარშანდელიდან შემოგვრჩა. თხოვნა გვაქვს, მთავარია, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობას მიაქციოს ყურადღება. მთავრობამ გააკონტროლოს სასუქებზე, საწვავზე – დიზელზე, ბენზინზე ფასები. კარგი ბიზნესი გვაქვს, მაგრამ ტრაქტორების სათადარიგო ნაწილები რომ გაძვირდა, მანქანის ზეთი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, ჩვენთვის არ არის მომგებიანი. ყველაფერი, რაც აღჭურვილობას სჭირდება, 100%-ით გაძვირდა, გაძვირდა შრომა, მაგრამ მათ ვერ დააბრალებ, მათაც უნდა იცხოვრონ რაღაცით“, – ამბობს სურენ აივაზიანი.
როგორც ფერმერები ამბობენ, სახელმწიფოს მხრიდან ვერავითარ მხარდაჭერას ვერ გრძნობენ, მათ შორის, პროდუქციის რეალიზაციაში, რომელიც მოჰყავთ არმიისა და პენიტენციალური სამსახურისთვის.
“ძალიან კარგი იქნებოდა, თუ დავაწესებთ ფასს ჩვენი ხარჯის გათვალისწინებით. 2 კაპიკი, როგორც შემოსავალი მოგვცენ. შეიძინონ მთლიანი კარტოფილი, მაგრამ ამას არ აკეთებენ“, – ამბობს ჩამდურას მცხოვრები.
კარტოფილის მწარმოებელი ფერმერებისთვის – ლატარიაა, რომელშიც როგორც შესაძლებელია მოგება, ისე წაგება.