თოვლი დნება, სოფლების ხელოვნური ნაგავსაყრელები თეთრი საბნისგან თავისუფდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს ნაგვის ურნები აქვს, ყველგან ნაგავსაყრელებია.
ზოგ სოფელში ნაგავსაყრელები სოფლის შესასვლელთან გაჩნდა, ზოგში – განაპირას, გზებთან.
ახალქალაქის სერვის ცენტრი წელსაც აპირებს, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე სოფლის ხელოვნური ნაგავსაყრელებიდან ნაგვის გატანას, თუმცა ჯერ არ იცის როდის დაიწყება სამუშაოები და რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა ამისთვის.
ბოლო წლებში მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლებში ნაგავსაყრელების ერთჯერადი დასუფთავებისთვის თანხებს გამოყოფს. მაგრამ ნაგავსაყრელები კვლავ იქმნება.
ნაგავსაყრელები თითქმის ყველა სოფელშია, ზოგან პატარა, ზოგში უფრო დიდი.
ნაგავსაყრელები სოფელ ბეჟანოს შესასვლელთან, სოფელ გოდოლარის განაპირას, სოფელ ხანდოში, სოფელ მოდეგამის გზაზე ჩამოყალიბდა. იმ სოფლებშიც არის ნაგავსაყრელები, სადაც ნაგვის ურნებია დამონტაჟებული. მაგალითად, სოფელ ბეჟანოს შესასვლელთან, ნაგვის ურნის გვერდით, დიდი ნაგავსაყრელი ჩამოყალიბდა. ნაგავსაყრელი მრავალი წელია არსებობს, ბოლო წლებია, რაც სერვის ცენტრს იქიდან ნაგავი გააქვს, თუმცა მოსახლეობა ტერიტორიაზე ნაგავს კვლავ ყრის.
ამ ნაგავსაყრელზე ნაგავს არა მარტო ბეჟანოს მცხოვრებლები, არამედ სოფელ ჩხაროლას, ბალანთას, ტაბაწყურის მოსახლეობაც ყრის.
ახალქალაქის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის, მხითარ რსტაკიანის თქმით, სოფელ ბეჟანოში მათ პლასტმასის 3 ნაგვის ურნა დაამონტაჟეს, თუმცა 2 გატყდა.
„ორი პლასტმასის ნაგვის ურნა გატყდა, მხოლოდ ერთი დარჩა. ამ ყუთებში ჩაყარეს ტომრებით კარტოფილი, სტაფილო, მიწა და გატეხეს. უფასო ურნები ჯერ არ მაქვს, შევუკვეთეთ, როგორც კი მივიღებთ აუცილებლად დავამონტაჟებთ, ამჯერად გვინდა რკინის ურნები დავაყენოთ. შარშან მარტო ბეჟანოდან 400 კუბური მეტრი ნაგავი გავიტანეთ“, – ამბობს იგი.
მუნიციპალიტეტმა 150 ურნა შეუკვეთა, საიდანაც 70 პლასტმასის, 80 რკინისაა.
მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: ხავეთში, აბულში, დიდ და პატარა სამსარში (ერთი), აზავრეთში, ვარევანში, ალასტანში, ხანდშო და დილისკაში ახალი, 5 კუბური მეტრი მოცულობის ურნები დამონტაჟდება.