რატომ არ ვითარდება ხშირად საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული ბიზნეს პროექტები? რა ხარვეზები და შეცდომებია და რა ეტაპზე უშვებენ შეცდომებს მეწარმეები? ამ საკითხების გარკვევას Jnews-ი შეეცადა.
11 აპრილს სახელმწიფო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს იდეების კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა. ეს იყო მორიგი ეტაპი, როდესაც სახელმწიფომ მოქალაქეებს მისცა საშუალება მცირე ბიზნესის დასაწყებად საკუთარი იდეები განეხორციელებინათ. ეს ერთ-ერთია იმ მრავალ პროექტს შორის, რომელიც დამწყები ბიზნესის ან არსებულის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ხშირად ასეთი პროგრამები აფინანსებს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებას და სხვა სფეროებს. მსგავს პროგრამებში, ჯავახეთში, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი იმარჯვებს. თუმცა, ყველა პროგრამა, თავისი პრიორიტეტებით, ამ რეგიონს არ მოიცავს.
რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი რუსეთზეა დამოკიდებული. თუმცა ჯავახეთი ეკონომიკურად პირდაპირ რუსეთზეა დამოკიდებული. ეს ვლინდება არა მხოლოდ რეგიონალური მასშტაბით, არამედ თითქმის ყველა ოჯახის ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება. მაგრამ გასათვალისწინებელია ის პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა წარსულში ბიზნესის განვითარებაში.
ჯავახეთში შემორჩენილია გარკვეული სტარტაპები და იდეები, წამოწყებული მიკრო და მცირე ბიზნესის უმეტესობა მალე იხურება. რა არის ამის მიზეზი? Jnews-ი შეეცადა სიტუაციაში გარკვევას, კერძოდ, ადამიანებმა, რომლებმაც ბიზნესი დაიწყეს, შემდგომ განავითარეს ის, თუ პრობლემების გამო დახურეს?
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის მცხოვრები, ენოკ ბაბაჯანიანი ერთ-ერთია, ვინც ბიზნესის დაწყება და განვითარება გრანტების დახმარებით მოახერხა. ის ელექტროენერგიას მზის ენერგიიდან გამოიმუშავებს, ნაწილს სახელმწიფო ყიდულობს, ნაწილს კი, თავის სათბურში იყენებს, სადაც პომიდორი მოჰყავს. პარალელურად აწარმოებს ბიოგაზს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ენოკი ბიზნესის გაფართოებას აპირებს. საკუთარი იდეების განსახორციელებლად საგრანტო პროექტებით ისარგებლა.
მისი აზრით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ვერ ახერხებენ ბიზნესის დაწყებას, არის ის, რომ ბევრი ადამიანი დაგეგმვისა და გრანტზე განაცხადის ეტაპზე არ აკეთებს გათვლებს, არ იკვლევს სტრატეგიის მოთხოვნებს, თავად არ წერს საგრანტო იდეებს და ხშირად არ ესმით, რის გაკეთება სურთ.
“ხშირად ადამიანები იწყებენ რაღაცას, რაზეც წარმოდგენა არ აქვთ. მაგალითად, გადაწყვეტენ კარტოფილის დათესვას, მაგრამ ამას დიდი ცოდნა, შრომა და ტანჯვა სჭირდება. ამის შესახებ, ან ინტერნეტში, ან წიგნებში კითხულობენ და ასე იღებენ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პრაქტიკას, ხედავენ, რომ პრობლემებია და უარს ამბობენ. სხვა საქმეა, როცა ბიზნეს გეგმას წერენ, ბიუჯეტს ადგენენ, ხშირად თვითონაც არ წერენ და ვერ ხვდებიან. თავიდან არასწორად აკეთებენ გათვლებს. არ ითვალისწინებენ საშინაო და საგარეო ბაზრებს. ჩემი პირადი გამოცდილება, მაგალითად, მე ვგეგმავდი მუშაობას დეკემბერში და იანვარში, ზარალით, თუმცა მაინც რომ მემუშავა. მაგრამ კლიმატურმა პირობებმა მაჩვენა, რომ ჯობია არ ვიმუშაო ამ თვეების განმავლობაში“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.
ბორის კარსლიანმა პირველი გრანტი ნინოწმინდაში ფოტოსტუდიის გასახსნელად 8 წლის წინ მიიღო. თუმცა, ამაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სფერო სწრაფად ვითარდება და ახალ ტექნოლოგიებსა და დიზაინში დიდი ინვესტიციების გარეშე, ეს ბიზნესი კონკურენტუნარიანი არ არის. მისთვის ფოტოსტუდია დამატებითი შემოსავალია, მაგრამ არა მთავარი.
„პირველი გრანტი, რომელიც მივიღე იყო 5000 ლარი. ამის შემდეგ 2-ჯერ მივმართე გრანტს ბიზნესის განსავითარებლად, მაგრამ არ მიმიღია. ვმუშაობ იმავე ტექნიკით, რაც მაშინ ვიყიდე. ახლა ეს ტექნიკა მოძველებულია. შემოსავალი, არც ისე დიდია, რომ ვიყიდო ახალი აღჭურვილობა, ვიყიდო რაიმე ახალი, განვავითარო ბიზნესი. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გაძვირდა ყველაფერი, ვგულისხმობ ნედლეულს. ვათავსებ ბიზნესს ჩემს ძირითად საქმესთან. ბევრი ვინც იწყებს ბიზნესს, დაიხურა იმიტომ, რომ 5000 ლარში, რომელიც მაშინ მიიღეს, ბიზნესის გაკეთება შეუძლებელია“, – ამბობს ნინოწმინდელი ბორის კარსლიანი.
მზისა ხმალაძემ ბიზნესის სფერო ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც სოციალური მეწარმეობის ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა. ჩვენი სხვა რესპონდენტების მსგავსად, თავისი სტარტაპები გრანტით დაიწყო. ჯავახეთის მინდვრის მწვანილის ჩაი არის ინოვაცია, რადგან ჯავახეთში ბიზნესის ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობაა. ამ ტრენინგამდე მზისა არ იყო დაინტერესებული და, არც საკუთარი ბიზნესის დაწყებას გეგმავდა.
„მთავარი პრობლემაა გუნდის შეკრება. თავიდან ოჯახი მეხმარებოდა მწვანილის შეგროვებაში, მაგრამ ყველას თავისი საქმე აქვს და ვეღარ დამეხმარნენ. კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ის, რომ სტუდენტი ვარ და უნივერსიტეტში ვსწავლობ, დრო არ მაქვს, ჩემი ბიზნესი ჯერ არ არის მომგებიანი, რადგან ჯერ არ მაქვს განაწილებული მაღაზიებში. მიზეზი ის არის, რომ შეფუთვა ჯერ არ არის მზად, ამას დრო სჭირდება. მაგრამ თვის ბოლოს, ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება და რეალიზაციაზე ვიმუშავებ. ასევე, ვგეგმავ მონაწილეობას სხვა საგრანტო პროგრამებშიც და თუ გამოვა, კარგი იქნება“, – ამბობს მზისა ხმალაძე.
ნანა ბროიანმა თავისი ბიზნესი ყვავილების მაღაზიით დაიწყო. თუმცა, მალევე მოუწია მაღაზიის დახურვა. შემდეგ მთელი ოჯახით საოჯახო კაფეზე დაიწყეს მუშაობა, თუმცა ეს ბიზნესპროექტი დიდხანს არ გაგრძელებულა. ნანა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შედეგის მისაღწევად საჭიროა თავი მთლიანად მიუძღვნა ბიზნესს.
„ჩვენს შემთხვევაში, პრობლემა ის არის, რომ როდესაც ნულიდან იწყებ, როგორც ეს იყო ყვავილების ბიზნესში, უნდა გადაიხადო ქირა, გადაუხადო თანამშრომლებს, პლუს კომუნალური ხარჯები. იმდენი ხარჯი იყო, რომ დაწყება ძალიან რთული იყო. განსაკუთრებით ჩემი ბიზნესი სიახლე იყო. ჩვენ განსხვავებული მენტალიტეტი გვაქვს და ადამიანებს ურჩევნიათ ყვავილების ჩუქება, მაგრამ არა ქოთნებში – ეს იყო ამ ბიზნესის პრობლემა. მაგრამ დიდი ალბათობით, მე ეს დიდხანს რომ გამეკეთებინა, მეტი ძალისხმევა რომ ჩამედო, შედეგი უკეთესი იქნებოდა. დღესდღეობით დავრწმუნდი, რომ თუ რამეს იწყებ, შენ თვითონ უნდა გააკეთო, აკონტროლო. სხვა პარალელური საქმეებითაც რომ არ ვიყო დაკავებული, ძალიან კარგი შედეგი მექნებოდა“, – განმარტავს ნანა.
გარდა ამისა, ეს აჩენს მომსახურების სექტორში შესაბამისი კადრების ნაკლებობის პრობლემას.
„ნებისმიერ ბიზნესში პრობლემა არის მუშახელი, რომელიც არასტაბილურია. ხალხს უბრალოდ არ უნდა იმუშაოს, არ იციან კლიენტთან მუშაობა. იგივე მოხდა კაფეში, როცა იქ ვიყავით. ყველაფერი კარგად იყო. ასევე გარკვეული თანხა უნდა იყოს ბრუნვისთვის, ინვესტიციებისთვის იყოს დიდი კაპიტალი, რომ რამდენიმე თვე ან წელიწადი გაგრძელდეს. კაფეს შემთხვევაში კოვიდმაც შეგვიშალა ხელი. იყო სხვა ფაქტორებიც“, – ამბობს ნანა ბროიანი.
მეწარმეები აღიარებენ, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის დაბეგვრა შეღავათიანია საქართველოში, განსაკუთარებით კი მთიან რეგიონებში. აქედან გამომდინარე, პრობლემების ჩამონათვალში დაბეგვრის საკითხები არ არის. თუმცა, მდგრადი ბიზნესისთვის საჭიროა, არა მხოლოდ საგადასახადო პირობები, არამედ მრავალი სხვა ფაქტორი, რომლებსაც ხშირად არ ითვალისწინებენ, არც გრანტის გამცემები, არც ფიზიკური პირები, რომლებიც მცირე ბიზნესს იწყებენ.