სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სხვა მუნიციპალური დაწესებულებების მუშაკები ამბობენ, რომ მათ დაავალეს 14 დეკემბერს ხელისუფლების მხარდასაჭერად დაგეგმილ მიტინგში მონაწილეობა. ზოგიერთი ამბობს, რომ უარის თქმის შემთხვევაში მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. პასუხისმგებელმა პირებმა აღნიშნეს, რომ არავის აქვს უფლება ვინმეს რაიმე დააძალოს.
სხვადასხვა დაწესებულებებში ხელმძღვანელები სხვადასხვანაირად “ამოტივირებენ” თანამშრომლებს, რათა დაესწრონ მიტინგს .
“ჩვენ გვითხრეს, რომ 14-ში ჩაგვიყვანენ თბილისში, შემდეგ კი უკან ჩამოგვიყვანენ. დაგვემუქრნენ, თუ არ წავალთ მიტინგზე პრემიას არ დაგვირიცხავენ”,- ამბობს ახალქალაქის საბავშვო ბაღის მუშაკი.
ზოგიერთს გამგზავრების ნამდვილ მიზანს არც კი ეუბნებიან, თუმცა დაჟინებით ითხოვენ მათგან მონაწილეობის მიღებას.
“ჩვენ დღეს გვითხრეს, რომ 14-ში მივდივართ ექსკურსიაზე, სადაც კონცერტი გაიმართება და ბოლოს ხელმძღვანელობასთან ჩატარდება შეხვედრა. მე ვიცი, რომ ზოგიერთმა სკოლამ უთუოდ წამსვლელთა სიები უკვე დაადგინა”,- ამბობს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.
სხვადასხვა სკოლაში გამოყენებული იყო განსხვავებული მეთოდი: ზოგს არწმუნებდნენ, ზოგს თავისუფალი არჩევანის უფლებას უტოვდნენ, ზოგს კი აიძულებდნენ. იყო მუქარაც, რომ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, მოუწევდათ სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დასვენების დღეს იგეგმება.
ჩვენი ყველა რესპოდენტი გვთხოვდა, რომ არ გაგვემხილა მათი სახელი და დაწესებულება სადაც მუშაობე, რათა არ შეჰქმნოდათ პრობლემები ხელმძღვანელობასთან.
საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მუქარისა და დაძალების ინფორმაციას არ ადასტურებენ.
“არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია. ამჟამად არაფერი არ არის, შაბათს რაღაც იგეგმება, მაგრამ ახლა არა”,- ამბობს ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, თერეზა ჩივჩიანმა არაფერი იცოდა 14 დეკემბერს თბილისში მასწავლებლების იძულებით წაყვანის დაკავშირებით, ის ამბობს, რომ არავის აქვს უფლება მასწავლებლებს დააძალოს რამე.
“თუკი არსებობს ასეთი ფაქტები, მითხარით რომელი სკოლაა, რომელი მასწავლებლებია. 21-ე საუკუნეში ნუთუ შეიძლება ვისმეს რამე დააძალო? გამომიგზავნეთ იმ სკოლების სია, რომ ვიცოდე სად რა ხდება. და საერთოდ სად მიემგზავრებიან და რისთვის? მართალია 14 რიცხვი შაბათია და დასვენების დღეა, თან ეს თემა მე არ მეხება. თუმცაღა, თუ დირექცია აიძულებს, მაშინ მე უნდა ვიცოდე კონკრეტულად თუ რა ხდება. სხვა საკითხია თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ჭორის დონეზეა, თუკი ვინმე რაიმეთია უკმაყოფილო მოდის ჩემთან. მე საერთოდ არ მაქვს ამაზე ინფორმაცია”,- ამბობს ის.