აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, პრეზიდენტი ქვეყნის მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალია. აქვე ნათქვამია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ორი ტური ჩატარდა, ოქტომბერსა და ნოემბერში.
დოკუმენტის მიხედვით, ეუთო-მ საკუთარ საბოლოო ანგარიშში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, მაგრამ „გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანებამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეამცირა“. ანგარიშის თანახმად, არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ კანდიდატებს საერთო ჯამში, საშუალება ჰქონდათ, კამპანია თავისუფალ გარემოში ეწარმოებინათ, მაგრამ ბრალდებები ამომრჩევლების მოსყიდვასა და ზეწოლაზე გაგრძელდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები მოიცავს სანდო ცნობებს: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემებსა და თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე და სამართლებრივ დევნაზე, რომელიც ფართოდ განიხილებოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და ძალადობის მუქარის შესახებ, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უპატივცემულობის თაობაზე და ძალადობაზე ან ძალადობის მუქარაზე, რომელიც მიმართული იყო, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ“.
„მთავრობამ მიიღო გარკვეული ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის გამოძიებასთან დაკავშირებით ადამიანების უფლებების დარღვევის კუთხით, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩება. 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მთავრობის მიერ სარწმუნო გამოძიების ჩაუტარებლობამ და სისხლის სამართლებრივი დევნის აღუსრულებლობამ გამოწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. პასუხიმგებლობის ნაკლებობა აღინიშნება ასევე 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებაში, ასევე ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და აზერბაიჯანისთვის გადაცემაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეზე. „11 ივლისს ლექსო ლაშქარავა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისის თავდასხმის დროს მას სასტიკად სცემეს. სამართალდამცავი უწყებების მიერ მალევე გაკეთებული განცხადებები თითქოს ჟურნალისტის დისკრედიტაციაზე უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე მისი სიკვდილის მიზეზების დადგენაზე“, – წერია ანგარიშში.
ანგარიშში მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეც.
„17 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დმანისში აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოკორესპონდენტს, რომლებიც ღონისძიებას აშუქებდნენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული გასული წლის პირველ ოქტომბერს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა ქვეყანაში, ის დაუსწრებლად იქნა მსჯავრდებულად ცნობილი რამდენიმე საქმეზე და დაკავებული. ანგარიშის თანახმად, დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი მოიცავს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პარლამენტის ყოფილი წევრის ფიზიკურად შეურაცხყოფის ბრძანების გამო.
„11 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისმა სთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე, რუსთავის საპყრობილიდან ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტზე. სახალხო დამცველის ოფისმა 2021 წლის 11 ნოემბერს განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით მისი სურვილის წინააღმდეგ, სადაც ის ნახევრად შიშველი და დამამცირებელ მდგომარეობაშია“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, პენიტენციურმა სამსახურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არ მიაწოდა გამოძიებისთვის მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები, მაგრამ გასაჯაროებული იქნა საზოგადოებისთვის. ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის ოფისი ასევე ამტკიცებდა, რომ „პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტს შეუზღუდა საკუთარ სასამართლოში მონაწილეობა, რამაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება დაკავებისა და პატიმრობის შემდეგ სამჯერ.“
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 19 ნოემბერს, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, გადაყვანილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობისთვის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, სააკაშვილი, 30 დეკემბერს დააბრუნეს მე-12 სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ამ დრომდე იმყოფება.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ წევრებმა 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას დაუჭირეს მხარი.
„დაიგეგმა, რომ აპარატის ნაცვლად ორი ცალკეული უწყება გამოიძიებს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და პერსონალური მონაცემების დაცვას. წინა მანდატისგან განსხვავებით, რომელიც ყველა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ თანაბარ გამოძიებას უზრუნველყოფდა, კანონი ახალ საგამოძიებო სააგენტოს არ აძლევს უფლებას, გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება. რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული მისი მანდატის ვადა სამ წელში იწურებოდა. პარლამენტის მმართველი პარტიის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და მისი სამივე მოსმენის ჩატარების, რომელიც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში განხორციელდა, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და შიდა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე.
პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, ინსპექტორის სამსახური იძიებდა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს რუსთავის ციხიდან გლდანის კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. ინსპექტორის აპარატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი საკამათო ვიდეომასალის გამოქვეყნებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ „27 აპრილს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და პროოპოზიციური „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალა. ოპოზიციის წევრები რურუას და მელიას პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ. ისინი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ“.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩება და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერენ მხარს. 2008 წლიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტა ძალაში დარჩა, მაგრამ რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდეს.
ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები ამ რეგიონებში მოიცავდა სანდო ცნობებს შემდეგ თემებზე: უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების, ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის შეზღუდვა და ეთნიკური ქართველების საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირების შესაძლებლობის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ მცირე ოფიციალური ინფორმაცია იყო, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა 2008 წლის კონფლიქტის შედეგად განდევნილი ეთნიკური ქართველების უმეტესობის დაბრუნებაზე.
დე ფაქტო ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლის უფლება არ მისცა. რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების „ბორდერიზაცია“ გაიზარდა, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება. რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში ჩაიდინეს დარღვევები, რაც დაუსჯელი დარჩა“, – აღნიშნულია ანგარიშში.