ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტული სამუშაოების შერჩევასთან დაკავშირებით შეხვედრები დასრულდა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გადაწყვიტეს, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მათ სოფლებში. სულ 80 პროექტი შეირჩა.
უმეტესაც სოფლებმა რეაბილიტაცია აირჩიეს – სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა თუ სპორტული ინვენტარის შეძენა, განათება, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, სასმელი წყალი და სხვა.
სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ან სპორტული ინვენტარის შეძენა 16-მა სოფელმა აირჩია, მათ შორის არის: ორჯა, ალასტანი, კუმურდო, კარწახი, დილისკა, მურჯაიეტი, ტურცხი, ხანდო. მაგალითად, სოფელმა პატარა სამსარმა ორი პრიორიტეტი აირჩია: სპორტული ინფრასტრუქტურის შეკეთება და სპორტული ინვენტარის შეძენა.
სოფლებმა: ლომატურცხმა, თოთხამმა, აფნიამ, კიროვაკანმა, ხოსპიომ, მარტუნიმ, ბავრამ აირჩიეს გარე განათების მოწტობა. ასეთი არჩევანი 14-მა სოფელმა გააკეთა.
სასმელი წყალი პრიორიტეტად 11-სოფელში მიიჩნიეს, მათ შორის არის: კოკიო, ვარევანი, გოგაშენი, ბალხო.
სოფელ კორხში მთელი თანხა მიმართულია ამბულატორიის მშენებლობაზე.
სოფელმა გომანმა ორი პრიორიტეტი აირჩია, მათგან ერთ-ერთი საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობაა.
მურჯახეთში მეორე პრიორიტეტად ავტობუსის გაჩერების მშენებლობა აირჩიეს,
ჩუნჩხაში კი – სარიტუალო სახლის რეაბილიტაცია.
6-მა სოფელმა აირჩია გზების რეაბილიტაცია, 3-მა სოფელმა – სასაფლაოების. პროექტებს შორის არის ასევე, წყლის არხების რეაბილიტაცია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული მართვის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, მაგდა ამირშადიანის თქმით, პროექტების შედგენაზე მუშაობას უკვე დაიწყებენ.
საკრებულოში ამ სამუშაოების დამტკიცებისას დეპუტატებს ჰქონდათ პრეტენზიები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით, ასევე, გაოითქვა მოსაზრება, რომ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებდეს.
„ჩვენ მივმართავდით სამინისტროს და ვიღებდით ნებართვას პირდაპირ კონტრაქტებზე. როცა ხელშეკრულება ფორმდება სოფლის მოსახლეობასთან, ისინი კეთილსინდისიერად მუშაობენ, შესაძლოა, როცა ტენდერს ვაცხადებთ, რაღაც თანხას ვიგებთ, მაგრამ ეს არანაირ შედეგს არ იძლევა, ჯობია ეს პირდაპირ მოხდეს“, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.
ასევე იყო დეპუტატების წინადადება, რომ სოფლები, სადაც სამუშაოების დასასრულებლად მცირე თანხა – 1-დან 3 ათასამდე ლარი იქნება საჭირო, მომავალი წლისთვის არ დარჩეს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.
„წერილით მივმართავთ მერიას, თუ სამუშაოს დასასრულებლად მცირე თანხა იქნება საჭირო, 1-დან 3 ათას ლარამდე, რა თქმა უნდა, მერიის შეხედულებისამებრ, მუნიციპალიტეტმა გამოყოს თანხება. განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც არანაირი ძირითადი სამუშაო არ მიმდინარეობს“, – თქვა ნაირი ირიციანმა.
ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა უპასუხა, რომ სანამ პროექტები არ იქნება მზად, ვერაფერს იტყვიან.
„50 ათას ლარამდე ღირებულების ერთი და იგივე ტიპის სამუშაოებს ვაერთიანებთ. არის სამუშაოები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, მაგალითად, სარწყავ სისტემასთან დაკავშირებით ან სხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის. გამოვაცხადებთ ტენდერს და თუ მონაწილეები იქნებიან, მაშინ გვექნება უფლება ვიკამათოთ, სოფელში ვიპოვოთ ერთი ადამიანი და გავაფორმოთ პირდაპირი ხელშეკრულება, რადგან ვერ დაველოდებით, სეზონი დაიწყო“, – თქვა მერმა მელქონ მაკარიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წლეულს 922 000 ლარი გამოეყო. იგივე თანხა შარშანაც გამოიყო.
მერიის ინფორმაციით, შარშან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ტენდერებიდან 180 000 ლარი დაზოგეს, რომელიც სამინისტრომ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა და სხვა პროექტებზე დაიხარჯა.