დღეს, 30 მარტს, ახალქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, განიხილეს სოციალური პაკეტი  და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. გარდა ამისა, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებმა 2021 წელს გაწეული სამუშაოს შესახებ მოხსენება გააკეთეს.

შეხვედრას ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი, მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, სამსახურის ხელმძღვანელები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა, თავმჯდომარის მოადგილე ჰამლეტ მოვსისიანმა მადლობა გადაუხადეს მერს, მელქონ მაკარიანს, მერიის თანამშრომლებს, ასევე ყველას, ვინც გასულ კვირას, ქარბუქის დროს, სოფლის გზების თოვლისგან გაწმენდაში დაეხმარა.

სხდომის დღის წესრიგში 5 საკითხი იყო:

1. დეპუტატის მხითარ რსტაკიანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დეპუტატებს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე სიფან შიპაქციანმა აცნობა.
2.  2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის დამტკიცება, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა კარენ მერგელიანმა გააცნო.
3. ცვლილებები სოციალურ პაკეტში.
4. მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროექტები, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული მართვის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსი, მაგდა ამირშადიანი წარადგენს.

5. 2021 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და შეფასება.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

2021 წელს გაწეული სამუშაოს შესახებ მერიის სამსახურების ყველა უფროსი  მოხსენებით წარსდგა. ყველა სამსახურის ანგარიშებში ძირითადად იყო სტატისტიკური მონაცემები, თითოეულ სამსახურში ჩატარებული სამუშაოები. დასასრულს სამსახურების უფროსებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, თუმცა კითხვა, არც თუ ბევრი იყო.

დეპუტატებმა ანგარიშებისა და გაწეული სამუშაოს შესახებ აზრი გამოთქვეს, მერიის მუშაობაც დადებითად შეფასდა.

ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა თქვა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, რეგიონში ერთადერთია, რომელმაც 2022 წლის ამ თვეებში სამუშაოები იდეალურად შეასრულა, დადებითად შეფასდა და მიიღებს პრემიას, რომლის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

„მადლობა საკრებულოს წევრებს, რომ მოისმინეს ჩვენი მოხსენება და მხარი დაგვიჭირეს. ჩვენი ძალა ერთობაშია, ერთად უნდა ვიმუშაოთ, შეცდომები ყველას აქვს, მაგრამ ეს შეცდომები არ უნდა გამოვასწოროთ, მივუთითოთ ერთმანეთს მიმართულება. დავეხმაროთ, ვიმუშაოთ ერთად და საერთო შედეგი გვექნება, წელს ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზრდება, დღეს 1,5 მილიონის პროექტები დაამტკიცეს, ძალიან მალე მეორე ნახევარიც იქნება“, – თქვა ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა.