საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ დაბრუნებისა და მათი დახმარების პროცესს.
საგარეო უწყების ცნობით, სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს 2 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.
„სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა 80-მდე საქართველოს მოქალაქე, მიმდინარე კვირაში კი, საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ხოლო რუმინეთიდან მიმდინარე კვირაში საქართველოს საელჩოს დახმარებით დაბრუნდა საქართველოს 75 მოქალაქე. ასევე გრძელდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ქ. ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, მორიგი რეისი 20 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ გაყვანას ახორციელებს საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. ოდესაში, მოქალაქეები მოლდოვის მიმართულებით მიემგზავრებიან, საიდანაც რუმინეთის გავლით ხორციელდება მათი სამშობლოში დაბრუნება.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მათ დაევალათ უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში გამომგზავრება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სახელმწიფომ უზრუნველყო სამშობლოში ორგანიზებულად 2 000-მდე მოქალაქის დაბრუნება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.