საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს თუ, რომელი საფინანსო ორგანიზაციების ოფისებიდან იზღუდება დროებით მუშაობა.
ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა.
აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადასახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოსტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატებისა და პოსტერმინალების ფუნქციონირებისთვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.
„ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში)“, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.
იმისთვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. კითხვების შემთხვევაში, მიმართონ ეროვნულ ბანკს ელექტრონულ მისამართზე – info@nbg.ge.