„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა, 2021 წელს იგი კვალავ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის დონემდე ჯერ მაინც არ მიუღწევია ტურიზმის დაბალ დონეზე შენარჩუნების გამო.
2020 წელს საქართველომ რუსეთში ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო (საქართველოს მშპ[i]-ს 5.7%), 2021 წელს კი — 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე (მშპ-ის 6.7%).
2021 წლის ზაფხულიდან რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ზრდა დაიწყო, მაგრამ პანდემიის გამო 2019 წლის მაჩვენებელს 86%-ით ჩამორჩებოდა. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების 11.3%-ია. რუსეთიდან ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილი თანხების წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში მცირდება, თუმცა იგი საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მიერ უცხოეთიდან მიღებული ჯამური ფულადი გზავნილების 17.5% იყო. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 25%-მდე იყო.
Transparency International – Georgia-ის კვლევის თანახმად საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე:
საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანია რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ამ 7,000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 1,200 – 2018 წელს დაფიქსირდა. რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია. მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში. 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია.