ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, 2022 წლის პირველი მარტიდან მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით, – ამის შესახებ ნათქვამი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ექიმი ასევე ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.
„მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში. გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა. ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებსაც უჩნდებათ ვალდებულება, II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს, მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
შესაბამისად, ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის, აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.