როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო, რომ არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რაც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში.
„ჩემს გამოსვლაში ორი დღის წინ ვთქვი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი – მე არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რაც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს.
შესაბამისად, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას – ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ, აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით მეტად ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, და ამ გადაწყვეტილებას ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.