უძილო ღამეები, შიშის ატმოსფერო, თვითორგანიზებული ახალგაზრდობა, დევნილი მოსახლეობა, ომის შემდეგ, სოფელ გორისიდან დაბრუნებული ახალგაზრდა სამხედრო მასწავლებელი, სროლები, ჩუმი, მაგრამ ორაზროვანი გამოხედვები… – ასეთი იყო ცხოვრება ხნაცახისა და აკნერ სიუნიქის რეგიონის სოფლებში, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გამყოფ ხაზზე აღმოჩნდა.

იქ, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ჩუმ მზერას უზიარებენ ერთმანეთს

IMG_1615

სოფელი აკნერი

 

სოფელი აკნერი სამხედრო პოზიციებიდან საკმაოდ შორს არის, მაგრამ არა მხოლოდ სოფელი აკნერი, არამედ მთელი გორისია აზერბაიჯანის თვალთახედვის არეში.

ქალაქი გორისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული ცენტრია სიუნიქის რეგიონისთვის, არის საგზაო კვანძი, სამი მთავარი გზა, რომელთაგან ერთი რეგიონს ცენტრალურ სომხეთთან აკავშირებს, მეორე ლაჩინის დერეფანში გადის და შემდგომ ყარაბაღში, მესამე  – კაპანისკენ და შემდგომ ირანში.

აქ ადამიანებს არ უყვართ სირთულეებზე საუბარი, არ სურთ საკუთარ თავზე საუბარი. ჩვენს კითხვებზე შემდეგი პასუხი აქვთ: «ჩართეთ აზერბაიჯანული არხები და ნახეთ, როგორ ვცხოვრობთ. რამდენიმე დღის წინ მათ სადამკვირვებლო პუნქტებიდან გადაღებული ჩვენი სოფელი აჩვენეს. ახლა ხვდებით, როგორ ვცხოვრობთ? უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას, სხვა გზა არ გვაქვს».

არმანი (სახელი პირობითია) 2020 წლის ყარაბაღის ომის პირველივე დღეს მოხალისედ წავიდა. იბრძოდა ჯებრაილში 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტამდე. ამ თემაზე საუბარი არ უყვარს.

«ბუნებრივია, არცერთი ჩვენგანი არ დავთანხმდით ცეცხლის შეწყვეტას. ეს ცოტა იყო, მოვიდნენ და აიღეს ჩვენი იშხანასარი, შეხედე, უმაღლეს წერტილში არიანო. იქ ყოველთვის ნისლია, ისევე ნისლია, როგორიც ჩვენი მომავალი».

არმანის უმცროსი ძმა, რომელმაც ნისლის გამო, ადგილმდებარეობა ვერ გაარკვია, აზერბაიჯანელებს შორის აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ტყვეობაში ორი დღე  გაატარა, რუსი სამშვიდობოების შუამავლობით შინ დაბრუნება შეძლო.

0S1A6904

სომხებისა და აზერბაიჯანის პოზიციები ამ მთებში ჭადრაკისებურად არის განლაგებული

«არის გზა, ორივე იქ გავდივართ, ერთმანეთს ვხედავთ, ჩუმი მზერით ვუყურებთ ერთმანეთს. იყო შემთხვევა, როცა, მაგალითად, ჩვენს ბიჭებს სიგარეტი სთხოვეს. ახლა პოსტიც კი გვაქვს, სადაც თურქები პირდაპირ გვამოწმებენ, რათა იქ გავლა შევძლოთ», – ამბობს აკნერელი კაცი, რომელმაც მონაწილეობდა, როგორც 2016 წლის ოთხდღიან, ასევე 2020 წლის 44-დღიან ომში.

მან მანქანით მთაში მდებარე საძოვრებზე წაგვიყვანა, საიდანაც ახალი პოზიციები მოჩანს.

«გსმენიათ მტნაძორის შესახებ? ეს მტნაძორია, შეხედეთ, ჩვენი ხალხი უშიშრად აძოვებს ცხვარს. აი, ამ ბორცვზე მათი სადამკვირვებლო პუნქტებია, ხეობის პირას გაიხედეთ, ამ მთებს მიღმა არიან, იშხანასარი უკან რჩება. ამ მონაკვეთში ჩვენი და მათი პოზიციები ჭადრაკისებურად არის განლაგებული».

0S1A6929 აკნერი მწყემსები ცხვარს აძოვებენ  

ჩვენი თანამოსაუბრე 44 დღიან ომში გადრუტში და ქარინ ტაკში იბრძოდა. ის არის მძიმე შეიარაღების მეთაურის მოადგილე.

«მოგვატყუეს, გვითხრეს გადრუტში თურქები არ არიანო, შევედით და ალყაში აღმოვჩნდით, ძლივს გამოვედით. ქარინ ტაკში ჩვენი 27-კაციანი რაზმი იყო ალყაში, ცოტაც და ჩვენ აღარ ვიქნებოდით, მერე უკან დაიხიეს. 8 რიცხვის ღამეს ტყე დავტოვეთ, 9-ში ზავი გავაფორმეთ. ცეცხლის შეწყვეტა ძალიან ცუდად მივიღე, ვნანობ, რომ ომში ვმონაწილეობდი, თურქები უკვე დაქანცულები იყვნენ, დრო იყო, შეტევა დაგვეწყო».

სოფლის მოსახლეობა ირწმუნება, რომ ექვსი თვეა, რაც აზერბაიჯანელები წინ წამოვიდნენ, პოზიციები შეიცვალა, მაგრამ არა მათი განზრახვა. სამშობლოს დატოვებაზე საუბარი გამორიცხულია. პირიქით, ფიქრობენ, როგორ და რით დაეხმარონ ჯარს, გააძლიერონ პოზიციები, რომ ბიჭებმა კომფორტულად დაიცვან ქვეყნის საზღვარი.

0S1A6955სოფელი აკნერი

აკნერში ხალხი საკუთარი სახლების ჭიშკრის გარეთ გასვლას ერიდება, დაიწყეს უფრო იზოლირებული, კარჩაკეტილი ცხოვრება, მხოლოდ ბავშვები გარბიან ნებისმიერი უცნობის ხმაზე, რათა ნახონ, ვინ მოვიდა ამჯერად მათ სოფელში.

2021 წლის 12 მაისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა პოზიციების გადაადგილება სომხეთის ტერიტორიაზე დაიწყეს. ისინი განლაგებულნი არიან სიუნიქის სევ ლიჩის ტბის რაიონში და ცდილობენ იქ გაძლიერდნენ, ასევე გეღარქუნიკის რაიონში

სომხები და აზერბაიჯანელები აქ ორი მეტრის დაშორებით არიან

0S1A6812

გორისი, სოფელი ხნაცახი

ერთი შეხედვით, ხნაცახის ყოველდღიურობა არაფრით განსხვავდება სიუნიქის მხარის სხვა სოფლებისგან, მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით. სოფლიდან სულ რაღაც 50 მეტრში სომხეთისა და აზერბაიჯანის დროშები გვერდიგვერდ ფრიალებს.

სოფელში პირველები ვხვდებით ლიას და მის მეგობარს. ვეკითხებით: «გოგოებო, შეიძლება სურათი გადაგიღოთ?» რასაც შემდეგი პასუხი მოჰყვა: «არა, ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ცნობილები». საუბარი გრძელდება: «საკმაოდ დიდი ხანია იქ აზერბაიჯანის დროშები ფრიალებს, ამის გეშინიათ?» 16 წლის ლიას პასუხი მკაფიო და კატეგორიული იყო: «თვითონ ინერვიულონ, რომ აქ ვართ“.

აქ ყველა, პატარა და დიდი, თავდაჯერებულად უღიმის ერთმანეთს, ხუმრობენ, ცდილობენ დამალონ რეალობა, რომ ყოველდღე შიშით იძინებენ, მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, მტკიცედ არიან და სოფლის დატოვებაზე არ ფიქრობენ.

სოფელს, რომელიც სასაზღვრო ხაზი 2021 წლის მაისში გახდა, ბევრი პრობლემა აქვს, დაწყებული უმუშევრობით, მოსახლეობის დევნილობით დამთავრებული.

68 წლის ვლადიმერი, ტაქსის მძღოლი, დაიბადა და ცხოვრობდა ხნაცახში. მეუღლესთან ერთად დაუღალავად მუშაობდა და საკუთარი საოჯახო მეურნეობა შექმნა. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე მაღაზია გახსნა, ეს ერთადერთი მაღაზიაა ხნაცახში, სადაც ხალხი ვაჭრობს.

აქ ყველამ კარგად იცის, რა ხდება სოფელში. მანქანამ ჩამოიარა. ჩვენი თანამოსაუბრე და მძღოლი ერთმანეთს თვალით რაღაცას ანიშნებენ, ბოლოს ვლადიმერი ხელით უთითებს და ახვედრებს, რომ მალე მიუახლოვდება. ამგვარად შეთანხმდნენ, რომ ამაღამ სოფელს უდარაჯებენ. საქმე იმაშია, რომ 2021 წლის მაისიდან სოფელს მორიგეობით იცავენ სოფლის ახალგაზრდები და უფროსი კაცები, იცავენ მოსახლეობის ღამის სიმშვიდეს.

0S1A6788
სოფლის ტაქსის მძღოლი

ტაქსის მძღოლი ვლადიმერი სოფლის პრობლემებზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ხნაცახს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს.

«თუ ჩემი შვილი გადაწყვეტს წასვლას, მე არ შევეწინააღმდეგები, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ ისიც არ დატოვებს. ჩემი შვილი ომამდე გორისში ცხოვრობდა, მერე სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს», – ამბობს ის.

სოფლის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ახალგაზრდები იძულებულნი არიან დატოვონ სოფელი.

«სამუშაო რომ იყოს, არ წავლენ. ჩემი შვილი სოფელში სამხედრო საქმის მასწავლებლად მუშაობს, მაგრამ ამით ოჯახის რჩენა შეუძლებელია».

აქ მომავლის გრძელვადიან გეგმებზე არ საუბრობენ, მტერი რამდენიმე ასეულ მეტრშია, საიდან ეცოდინებათ, რომ ხვალ თავს არ დაესხმებიან.

«საღამოს პირჯვარს ვიწერთ და ვიძინებთ. როგორ ვცხოვრობთ? ხომ ხედავთ, ყველაფერი დაკეტილია, ბლოკადაში ვართ, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ღამით 10-ჯერ ვდგებით, რომ ვნახოთ, როგორ არის საქმე, საიდან გვესხმიან თავს. თურქეთში ვსხედვართ, ამბობენ კარგად იქნებაო, რა არის კარგი, იარაღი მოიტანეს და აქ დარჩნენ, ეს ნიშნავს «კარგად ყოფნას»? თურქი თავზე გვადგას და გვეუბნებიან, ნუ გეშინიაო», – ამბობს სოფლის მკვიდრი, 67 წლის აზნივ მინასიანი.

0S1A6825

სოფელ ხნაცახის ცენტრი

ფაილაკის მრავალშვილიანი ოჯახიდან სოფელში მხოლოდ ორი დარჩა – ის და მისი მეუღლე. ვაჟები ოჯახებით ეღვარდსა და ნორაგავითში გადასახლდნენ.

« გაურკვევლობაში ვცხოვრობთ, ომის შემდეგ ასეთი ვითარებაა, ჩემი მიწები მთლიანად მათ ხელში დარჩა», – ამბობს 62 წლის ფაილაკ აბრაჰამიანი.

ხალხი დარწმუნებულია, რომ ომი გარდაუვალია, ამისთვის მზად უნდა იყვნენ ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს იქნება თუ 10 წელიწადში.

«მოკლედ და არსებითად ვიტყვი, 70 წელი, 1915 წლის შემდეგ, ერთად ცხოვრობდნენ, ომის შემდეგ კონფლიქტი იყო, მერე შევრიგდით, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, თუ ისევ ომი უნდა დაწყებულიყო?  მიკვირს, რომ 150 ათასი ჩვენიანი თურქეთშია. როგორ ცხოვრობენ იქ? ჩვენ ვამბობთ, რომ საზღვარზე ვართ, გვეშინია გვერდით მდებარე პოზიციების. როგორ ცხოვრობენ იქ?» – ამბობს 73 წლის მელსიდა ასატრიანი და ამატებს, რომ მისი, ისევე, როგორც ყველას, ერთადერთი ოცნება მშვიდობაა.

0S1A6871

ხნაცახის ცხოვრება

ვოსკეჰატი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ყარაბაღის ქაშათაღის რაიონიდან წელიწადნახევრის წინ გადავიდა ხნაცახში. ქმარი გულის შეტევით, 5 თვის წინ გარდაეცვალა. დღეს სამი შვილის დედას საარსებო საშუალება არ ექნება, თუ სოფელ ხნაცახის მცხოვრებლები არ დაეხმარებიან.

როგორც გადასახლებული მცხოვრები სახელმწიფოსგან 25000 დრამის შემწეობას იღებს, რითაც არსებობენ. ხნაცახში დღეს 7 გადასახლებული ოჯახი ცხოვრობს. სომხეთის მთავრობა ფინანსურად ეხმარება ყარაბაღში იძულებით გადაადგილებულ ან ქონება დაკარგულ მოქალაქეებს.

0S1A6854

ქაშათაღიდან გადმოსახლებული ვოსკეჰატი და ხნაცახიდან ბებია აზნივი

«სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არც სამსახური გვაქვს, არც არაფერი, აქ ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ. ჩემი თანასოფლელები მეხმარებიან, ჩემი ახლობლები, ქირას სახელმწიფო იხდის, მაგრამ ეს არ კმარა ცხოვრებისთვის, მთელი ჩვენი ქონებიდან ერთი ჩანთა ავიღეთ და ყველაფერი იქ დავტოვეთ», – ყვება ვოსკეჰატ ბუნიათიანი.

 

სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლოდროინდელმა ომმა ბევრი რამ შეცვალა, როგორც სომხების, ისე აზერბაიჯანელების ცხოვრებაში. დღეს ისინი პირისპირ არიან და იარაღის ენით ურთიერთობენ. საზღვარზე მაცდური სიჩუმეა, სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროები ერთმანეთისგან სულ, რაღაც ორ მეტრში არიან, შეუძლიათ თვეების განმავლობაში ჩუმად გაცვალონ მზერა და შემდეგ ისროლონ.