ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი „გპასუხობს ექიმი“ დაიწყო.

კამპანია რეგიონულ მედიას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, სპეციალურად გადამზადებული ექიმები მოქალაქეთა შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობენ. პროექტის სამიზნე რეგიონში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა. „გპასუხობს ექიმი“ რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში შემავალ ათ სხვადასხვა არხზე გადის.

„ექიმები მოქალაქეთა შეკითხვებს „კოვიდ-19“-ის შესახებ, ინფიცირების მიმდინარეობის, იზოლაციისა და კარანტინის ვადების, ასევე ვაქცინაციასა და ბუსტერდოზასთან დაკავშირებით პასუხობენ. მათ შორის, საქართველოში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

პროექტის პარტნიორია საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი. „გპასუხობს ექიმი“ საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.