მიწისქვეშა ბიძგებმა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 13 თებერვალს, 22:25 საათზე იყო, საშინელება გამოიწვია ეპიცენტრში – სოფელ სამებაში. საშინელებას დამატებითი ბიძგები აძლიერებდა, რაც სამებაში მოდუნების საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა ყველაფერმა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე ჩაიარა.
13 თებერვალს, ღამით, ადგილობრივი დროით 22:25 საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეს იყო ყველაზე მძლავრი ბიძგი მას შემდეგ, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ამ ადგილას პერიოდულად ფიქსირდებოდა აქტიური სეისმური პროცესები, რომლებიც გამოხატული იყო 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებით.
გეომეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა თქვეს, რომ პირველი, საკმაოდ ძლიერი 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, უფრო მცირე, დაახლოებით 3,5 მაგნიტუდამდე ბიძგები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
სოფელ სამებაში მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობას მთელი ღამე არ უძინია. სოფელში ფიქრობენ, რომ ასეთი აქტიურობის მიზეზი ვულკანია, რომელიც მათი სოფლიდან, არც თუ ისე შორს მდებარეობს.
“ყველაფერი კარგადაა, ნგრევა არ არის, ზარალი არ არის. ახლა ცოტა დავმშვიდდით. მართალია ძალიან საშინელი იყო, მთელი ღამე რყევები იგრძნობოდა. ეს აქამდე არასდროს მომხდარა. შუქი მთელი ღამე ჩართული იყო. საერთოდ ვერ დავიძინეთ, სასწრაფოდ ქუჩაში გამოვედით, ამჯერად ჩვეულებრივზე ბევრად უარესი იყო“, – ამბობს სოფლის მკვიდრი, გაგიკ მარკოსიანი.
ბიძგები სამებაში 2021 წლის გაზაფხულიდან გამუდმებით იგრძნობოდა. ბოლოს ყველაზე მძლავრი 5,1 ბალიანი მაგნიტუდის ბიძგები იყო. სეისმოლოგები ირწმუნებიან, რომ ქედი ვულკანური წარმოშობისაა, მაგრამ მთები ახლა უმოქმედოა, ბიძგები დაუმთავრებელი პროცესების შედეგია და ნერვიულობა არ არის საჭირო.
მიწისძვრა წინა ღამეს იგრძნეს თბილისის, ბათუმისა და საქართველოს სხვა რეგიონების მცხოვრებლებმა. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, მათ შორის, ეპიცენტრის რაიონში – დმანისში. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ერევანსა და განძაშიც.
სამება: სიცოცხლე მიწისძვრის ეპიცენტრში