საგანმანათლებლო პროგრამა TUMO-ს ახალქალაქის ფილიალმა პირველი სტუდენტები მიიღო. TUMO-სა და “სომხეთის მხარდაჭერის კავშირის” ჯავახეთის ფილიალს შორის თანამშრომლობის შედეგად, TUMO-ს საგანმანათლებლო პროგრამა უკვე ჯავახეთის მოზარდებისთვისაც ხელმისაწვდომია.
„ჩვენთვის სიმბოლურია ახალქალაქში TUMO-ს განყოფილების გახსნა. ჩვენი მიზანია, სომხეთის ფარგლებს გარეთ ასობით სომეხი მოზარდისთვის იყოს ხელმისაწვდომი ინოვაციური განათლება“, – განაცხადა TUMO-ს დირექტორმა, მარი ლუ პაპაზიანმა.
ეს პირველი ნაბიჯია ჯავახეთის თინეიჯერებისთვის TUMO-ს სასწავლო გეგმის ხელმისაწვდომობისკენ, მომავალში გაფართოების პერსპექტივით.
ინფორმაცია კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრმა, TUMO-მ გაავრცელა.
ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი კარინე თადევოსიანი აღნიშნავს: „დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს პროგრამა შთააგონებს ჩვენს ახალგაზრდებს, განავითარონ თავიანთი ტექნოლოგიური და დიზაინის უნარები. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის მიმართ ინტერესი გაგრძელდება და გავაფართოვებთ პარტნიორობას ტუმოსთან“.
დაახლოებით 200 ახალგაზრდა ახალქალაქიდან, ნინოწმინდადან, ახალციხედან და სხვა მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან, რომლებიც TUMO-ს მეცადინეობებს ესწრებიან, ეცნობა პროგრამის 14 სფეროს თვითშესწავლის გზით, მათ შორის, რობოტოტექნიკას, ანიმაციას, თამაშების განვითარებას, პროგრამირებას და ფოტოგრაფიას.
რეგისტრაცია TUMO-ს ახალქალაქის ფილიალში 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის: tumo.org/register/
1910 წელს დაარსებული “სომხეთის მხარდაჭერის კავშირი” არის დამოუკიდებელი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება სომხების ჰუმანიტარულ, სოციალურ და საგანმანათლებლო საჭიროებებს და მის ფარგლებს გარეთ. SAP-ი 27 ქვეყანაში მუშაობს და ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას ეხმარება.
TUMO არის უფასო საგანმანათლებლო პროგრამა დიზაინისა და ტექნოლოგიების სპეციალობით მოზარდებისთვის. ამჟამად TUMO-ს ოთხი ცენტრი და ექვსი ფილიალი ფუნქციონირებს სომხეთსა და ყარაბაღში, ბოლო წლებში კი TUMO-ს 7 საერთაშორისო ცენტრი გაიხსნა პარიზში, ბერლინში, მოსკოვში, თეირანში, ბეირუთსა და კიევში.