უკვე მეორე დღეა რაც ახალქალაქში და სოფლებში დადის ავტომანქანა და საყვირებით აფრთხილებს მოსახლეობას კორონავირუსისგან დაცვის პროფილაქტიკის ზომები გაითვალესწინონ. ინიციატივის ავტორი ახალქალაქის მერიაა, ღონისძიებას ახალქალაქის სერვისცენტრი ახორციელებს.
ელექტროდინამიური დინამიკების მეშვეობით მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას ახალი კორონავირუსისგან დაცვის საშუალებების შესახებ და მოუწოდებენ ჰიგიენის წესების დაცვისაკენ იმისათვის, რომ დაავადებისგან თავი დაიცვან.
ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ინიციატივა მუდმივ ხასიათს ატარებს იქამდე, ვიდრე მოსახლეობა სიტუაციის სერიოზულობას არ გააცნობიერებს.
„ეს ყველაფერი მერიის გადაწყვეტილებით ხორციელდება, ჩვენ ახლახან დავიწყეთ და ეს მუდმივად გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხალხი ერთად უკვე აღარ იკრიბება“,- ამბობს მერი.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის არმენ ბიჩახჩიანის თქმით, ცენტრის თანამშრომლები მანქანებით სოფლებში და ქალაქში დადიან და ინფორმაციას სომხურ და ქართულ ენებზე აწვდიან.
„ჩვენი მძღოლები სერვისის ავტომანქანებით დადიან და ელექტროდინამიური საყვირებით მოსახლეობას კორონავირუსისაგან დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაცის აწვდიან. ინფორმაცია ერთი საათის განმავლობაში სომხურ ენაზე და ერთი საათი ქართულ ენაზე გაიცემა“,- აღნიშნა არმენ ბიჩახჩიანმა.
ანალოგიური ზომები მიიღება ახალქალაქში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით მოსახლეობის დაცვის მიზნით.
29 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 91 მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 18 პაციენტი. საკარინტინე ზონაში იმყოფება 4717 ადამიანი და 268 პაციენტი სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ.