დღეს, 10:00-ზე ახალქალაქში, მერიის შენობასთან შეიკრიბნენ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების მოხელეები. ისინი თბილისში გაემგზავრნენ რათა აქციაში მიიღონ მონაწილეობა. აქცია მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მიერ იყო დაგეგმილი.
აქცია გაიმართა გაერთიანებული ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქციების საპასუხოდ.
აქციაზე მონაწილეობენ, როგორც სახელმწიფო მოხელეები, ასევე “ქართული ოცნების” აქტივისტები.
გარდა მერიასთან შეკრებილ ასზე მეტ ადამიანისა, რამდენიმე მიკროავტობუსი იცდიდა სოფელ ხოსპიოში, რომლებიც შეუერთდნენ კოლონას და გაემგზავრნენ თბილისში. რამდენიმე ათეული მიკროავტობუსი ადრევე გავიდა, ბევრი ადამიანი საკუთარი მანქანით გაემგზავრა.
თვითმხილველთა თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების სკოლებთან, 9 საათზე მიკროავტობუსები მასწავლებლებს ელოდებოდა.
ერთ-ერთი მძღოლის თქმით, მათთვის ჯერ არც საწვავი მიუციათ და არც თანხა გადაუხდიათ.
“ჩაიწერეს ყველა მანქანის სახელმწიფო ნომერი, თუმცაღა ჯერ არაფერი მოუციათ. მერე უნდა გადაგვიხადონ”,- ამბობს მიკროავტობუსის მძღოლი.
აქციის მონაწილეთა თქმით, თვითოეულ მათგანს კვების თანხა 15 ლარის ოდენობით გადაეცათ.
სახელმწიფო მოხელეების განცხადებით, აქცია ერთ საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც ყველა მონაწილე სახლში დაბრუნდება.
შეკითხვაზე, აიძულეს თუ არა ისინი აქციაში მონაწილეობისათვის, უმრავლესობამ პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
როგორც აცხადებს ერთ-ერთი მონაწილე, ისინი არ წყვეტენ მიიღებენ თუ არა აქციაში მონაწილეობას. მათ უთხრეს: “ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და მორჩა!”.
“რა თქმა უნდა არ გვინდა, გრძელი გზაა გასავლელი და გზაშიც შეუძლოდ ვხდები, მაგრამ რას ვიზამთ, გვიბრძანეს ესეიგი უნდა გავემგზავროთ”,- ამბობს აქციის მონაწილე.