სოფელ ხოსპიოში მოქმედ ავტოინსპექტირების პუნქტ „გრინ ვეისთან“ რიგებია. კომპანია წინასწარ ონლაინ რეგისტრაციას ატარებს, ამის მიუხედავად, ადგილზე მისულ მძღოლებს რიგში უწევთ დგომა,ზოგიერთ მათგანს მეორე დღისთვის იბარებენ.
მრავალი საჩივრის შემდეგ, Jnews-ი პრობლემის კვალდაკვალ ხოსპიოს ავტო სარემონტო ცენტრში მივიდა. მენეჯერთან საუბრისას გაირკვა, რომ რეგისტრაცია არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ადგილზეც მიმდინარეობს.
„მომსვლელი ბევრია, ონლაინ რეგისტრირდებიან, ადგილზეც ვარეგისტრირებთ, შეუძლიათ ტექდათვალიერებაზე შევიდნენ რეგისტრაციისდან ნახევარი საათის ან 15 წუთის დაგვიანებით, მაგრამ, უმეტესად ყველას ერთდროულად ვიღებთ, თუ ტექნიკური პრობლემები გვაქვს, მაშინ მიღება გადაგვაქვს. ერთი ავტომობილის დათვალიერებას მაქსიმუმ 15 წუთი სჭირდება, რიგებს არასდროს ვურევთ. ბევრი მოდის, არის შემთხვევები, როცა შორეული სოფლებიდან ჩამოდიან და არ იციან რეგისტრაცია, ჩვენც ვიღებთ“, – განუცხადა Jnews-ს ხოსპიოს “Green Way”-ის ინსპექტირების ცენტრის მენეჯერმა, მანუჩარ ბერიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის მენეჯერი რიგების გაჭიანურების ფაქტს უარყოფდა, რიგში მყოფები სულ სხვას ამბობენ.
„დღეს 10 საათზე დავრეგისტრირდი, რიგმა 17:30-ისთვის გადაიწია, რამდენიმე დღეა რიგში ვდგავარ, სულ უკან მაბრუნებენ, მეუბნებიან, – ხვალ მოდიო. ან დროზე მიგვიღონ, ან დარეგისტრირებულები არ დაგვაჯარიმონ. სანამ ჩემი ჯერი მოვა, ისევ დამაჯარიმებენ“, – განუცხადა Jnews-ს რიგში მდგომმა სერგეი აივაზიანმა.
„მესამე დღეა სოფელში ვბრუნდებით და ისევ მოვდივართ, 4 დღის წინ დავრეგისტრირდით, პირველ დღეს გვითხრეს, – დენი არ გვაქვს, ხვალ მოდიო. მეორე დღეს 10:00-დან 20:00 საათამდე ველოდებოდი. მაგრამ ჩემმა რიგმა არ მოაღწია, მესამე დღეს საღამოს მიმიღეს, ცხელ ხაზზეც დავრეკე, იქიდან მითხრეს ადგილზე დარეგისტრირდიო. არ ვიცი, რა ხდება, რა აზრი აქვს რეგისტრაციას, თუ არ ექცევა ყურადღება“, – ითხოვს პრობლემის არსში გარკვევას ერთ-ერთი მოქალაქე.