ახალქალაქის საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. აცრის სურვილს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები გამოთქვამენ, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე, ასევე ბუსტერის დოზის მისაღებად.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი რეგიონია, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა კვლავ ძალიან დაბალია. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო-სვანეთის შემდეგ 23 877 აცრილით სამცხე-ჯავახეთი მოდის.
საავადმყოფოს ექიმის, ვენერა მაიტესიანის თქმით, 50 წელს გადაცილებული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში აქტიურობა შეიმჩნევა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აცრილი არიან არა მხოლოდ პირველი და მეორე დოზით, არამედ ბუსტერითაც.
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, რეგიონში გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობაა, გააქტიურებულია სეზონური გრიპიც, მაგრამ უმეტესობას კორონავირუსის შტამის – “ომიკრონის” სიმპტომები აქვს.
შეგახსენებთ, რომ 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებიც თებერვლის ბოლომდე გაიკეთებენ კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზას, წამახალისებელ თანხას 200 ლარს მიიღებენ. ხოლო იმავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ე.წ ბუსტერ დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში, კანონის მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში, 100 ლარს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 25 იანვარს დაამტკიცა, ანუ 25 იანვრამდე მესამე ბუსტერის დოზით აცრილი მოქალაქეები წამახალისებელ თანხას ვერ მიიღებენ.