დღეს, 2 თებერვალს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, Flyone Armenian-მა ერევანი-სტამბულის არარეგულარული რეისი შეასრულა. 2019 წლის შემდეგ ეს არის პირველი რეისი ერევანი-სტამბული მიმართულებით და ასევე, პირველი სომხური ავიახაზებისთვის.
თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა და სომხურმა ავიაკომპანიამ Flyone Armenia-მ წლის დასაწყისში ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტებისგან მიიღეს ნებართვა, ერევანი-სტამბოლ-ერევანის მიმართულებით არარეგულარული ფრენები განეხორციელებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ იყო, 90-იან წლებში არარეგულარული ფრენები ხორციელდებოდა და მას მხოლოდ თურქული ავიაკომპანია Atlasjet Airlines-ი ახორციელებდა. ბოლო რეისი 2019 წლის დეკემბერში განხორციელდა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, თურქული ავიაკომპანია Atlasjet-ის გაკოტრების გამო საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა.
სომხეთის მხრიდან ლაინერი FlyOne ავიარეისებს კვირაში ორჯერ – ორშაბათს და სამშაბათს განახორციელებს. აპრილიდან იგეგმება ფრენების რაოდენობის გაზრდა კვირაში სამამდე – ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი.
FlyOne Armenia-ს გამგეობის თავმჯდომარის არამ ანანიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა ზამთრის სეზონის დასრულებამდე გაიცა, ანუ მარტის ბოლომდე, კომპანია გეგმავს აპრილში ფრენების რაოდენობა გაზარდოს. ხოლო Pegasus Airlines-ს აქვს ორი რეისი დაგეგმილი 2 და 5 თებერვალს, მაგრამ 7 თებერვლიდან 27 მარტამდე ავიაკომპანია კვირაში სამ რეისს შეასრულებს – ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
როგორც FlyOne Armenia-ს ვებგვერდზეა აღნიშნული, ერევანი-სტამბოლის რეისები ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება, თითოეულის ფასი 39 ევროდან, ხოლო FLYONE CLUB-ის წევრებისთვის – 34 ევროდან იწყება. თუმცა FLYONE-ის ვებსაიტზე ბილეთის დაჯავშნა გამგზავრებამდე იყო შესაძლებელი – ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 90 ევრო, 4 თებერვალს კი – 64 ევრო ღირს. ეს ღირებულება არის ბარგის გარეშე, ხოლო ბილეთის ფასი ბარგით არის 110-140 ევრო. ფრენის დრო ორი საათია.
FlyOne Armenia (www.flyone.am) 2021 წელს დაარსდა. 27 ოქტომბერს სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა FlyOne Armenia-ს თვითმფრინავის ოპერატორის სერტიფიკატი გასცა. კომპანიამ მიიღო ორნიშნა IATA 3F კოდები და სამნიშნა ICAO FIE კოდები.