საქართველო პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზეა. ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სავსებით შესაძლებელია, რომ „მწვანე პასპორტის“ მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი, – ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, „მწვანე პასპორტების“ მთლიანად გაუქმება და ამოღება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ის განმარტავს, რომ „მწვანე პასპორტის“ გაუქმება კიდევ უფრო მეტად შეამცირებს დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებელს.
„მწვანე პასპორტების“ გაუქმება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნაკლები განცდაა. დახურული სივრცე „მწვანე პასპორტის“ აუცილებლობას გულისხმობდა, ამ მექანიზმის მოხსნის შემდეგ, დახურულ სივრცეში ინფექციის გავრცელების რისკი უფრო მეტი იქნება. საქართველო ჯერ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზეა. ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სავსებით შესაძლებელია, რომ „მწვანე პასპორტის“ მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი.
რაც შეეხება მეორე მხარეს, გახდება თუ არა „მწვანე პასპორტის“ გაუქმება დემოტივატორი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სურვილი გაეკეთებინათ ვაქცინა, რა თქმა უნდა, გახდება. ვაქცინაციის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. თუ ეს სისტემა არ მუშაობს, ხელშეწყობის ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს. სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ისედაც დაბალ ვაქცინაციის მაჩვენებელს“,- აღნიშნავს ჩხაიძე.
ამასთან, ის განმარტავს, რომ 10 დღეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მაქსიმუმს მიაღწევს, შემდეგ კი კლება დაიწყება.
“7-10 დღის განმავლობაში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება შემთხვევების კლება. ძალიან ხანმოკლეა “ომიკრონით” გამოწვეული მთლიანი ტალღა – აღმავალი მრუდი პიკი და შემდეგ შემცირება, ამიტომ ვამბობთ, რომ თებერვლის პირველი 10 დღე, ან კვირა იქნება გამონაკლისი და იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“,- განმარტავს ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”.