„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„არა მხოლოდ ფრაქციაში, პარტიის შიგნით გვქონდა ინტენსიური მსჯელობა, ყველა ჯგუფთან, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვის არსებული ვითარების შესაცვლელად. როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთა სხვადასხვაობა, როგორი სტრატეგია უნდა წარგვედგინა ჩვენ დღეს, მაგრამ შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მან განმარტა, თუ რატომ მიიღო ფრაქციამ აღნიშნული გადაწყვეტილება.
„პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია და ზოგადად, ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის საპყრობილეში, დატყვევებული რეჟიმის მიერ. არა მხოლოდ ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება არის ჩამოყალიბებული იმაზე, რომ ეს არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეჟიმი რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით სააკაშვილს, თუ როგორ მოექცა მას რეჟიმი და სახელმწიფო ინსტიტუტები არაერთხელ, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას. დღესვე დარეგისტრირდება საგამოძიებო კომისია. ვიმუშავებთ ჩვენს კოლეგებთან, ვიმუშავებთ ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს ეს კომისია, ჩვენი ფრაქცია დღესვე იწყებს ხელმოწერების შეგროვებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძის თქმით, გარდა საგამოძიებო კომისიისა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით.
„რა იქნება ჩვენი უშუალო ვალდებულება, უშუალო საქმიანობა – ეს იქნება ჩვენი საკუთარი სტრატეგია, რათა ყველა ეტაპზე, ყველა ფრონტზე, არა მხოლოდ პარლამენტში, არა მხოლოდ საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც მათ შორის მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის, სოციალური ღირსებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური ღირსებისთვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.