დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის აქგტიური შემთხვევების რაოდენობა მაღალია, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთული არ არის.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ინფიცირებული პაციენტები ძირითადად ოჯახის ექიმის მიერ იმართებიან.
„ეპიდვითარებას დღეს განაპირობებს ძირითადად ომიკრონის ცირკულაცია, როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში. ყველა ქვეყანაშია მზარდი ტალღა და შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად არის მომატებული. განსხვავება გახლავთ ის, რომ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, 80%ზე მეტი, იქ დაბალია ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ჩვენთან აცრის მაჩვენებელი გვაქვს 42.4 პროცენტი, სიკვდილიანობა შემცირებულია ამ მაღალ რიცხვებთან მიმართებაში, მაგრამ ის მაინც ზღვრულ მაჩვენებელზე მეტია. დღეს დილისთვის გვაქვს 146 000 აქტიური შემთხვევა, ეს ძალიან მაღალი ციფრია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში კიდევ 3 500 ადგილია თავისუფალი ანუ ჰოსპიტალიზაცია ომიკრონით არ გახლავთ მაღალი, როგორც ეს იყო დელტას დროს. ძირითადი ინფიცირებულები იმართებიან ონლაინკლინიკების საშუალებით. ზეწოლა ძირითადად დღეს გახლავთ ორ მიმართულებაზე – ლაბორატორიებზე, სადაც ყოველდღიურად 60-70 000-ზე მეტი ნიმუში იკვლევა და ამბულატორიულ სექტორზე – ონლაინ კლინიკებზე, ოჯახის ექიმებზე, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ზარები და მართავენ პაციენტებს ბინაზე ან სასტუმროებში. ეპიდსიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ მართვადია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ნახტომისებურდ არ იმატებს მძიმე პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტლებში და რეანიმაციულ განყოფილებებში.
„ომიკრონი მიმდინარეობს დელტასთან შედარებით მსუბუქად, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. როცა რაოდენობა ძალიან დიდია, მათ შორის შესაბამისი პროცენტი ინფიცირებულებისა მძიმდება და შეიძლება გახდეს სარეანიმაციოც, შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც. ერთადერთი გზა პრევენციისა არის რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია. ბუსტერდოზა ანუ მესამე დოზა განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ არის ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება ომიკრონით ინფიცირების ან თუ დაინფიცირდა ადამიანი შემდგომ გართულებების პრევენციის. ბუსტერი გაკეთებული აქვს ქვეყანაში 156 000 ადამიანს, რაც ცოტაა. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს ბუსტერს, მით უფრო ნაკლები გვექნება ჰოსპიტალიზაცია ქვეყანაში და ნაკლები გვექნება ფატალური გამოსავალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.