საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან გუშინ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რადგან მასწავლებელთა შორის კოვიდინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, ახალქალაქის მე-4 (დ. დემირჩიანის სახელობის) და სოფელ ვარევანის საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადასულიყვნენ. თუმცა ამ სკოლებში სწავლის პროცესი რეალურ რეჟიმში გრძელდება. როგორც გაირკვა, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია არ მიუღიათ.
27 იანვარს, როგორც ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მათ საგანმანათლებლო რესურსცენტრს კარანტინისთვის ორი სკოლის დახურვის და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცეს. Jnews-ი შეეცადა გაერკვია, ამ შემთხვევაში, რატომ განაგრძობენ სკოლები გაკვეთილების ჩატარებას კლასებში.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორ თერეზა ჩივჩიანთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ ჯანდაცვის ცენტრიდან შესაბამისი წერილობითი რეკომენდაციები არ მიუღიათ, ამიტომ სკოლებმა სწავლა რეალურ რეჟიმში განაგრძეს. მათ სიტყვიერად აცნობეს მასწავლებლების ინფიცირების შემთხვევებზე.
რაც შეეხება ჯანდაცვის ცენტრს, Jnews-ი დილიდან ვერ დაუკავშირდა მენეჯმენტს იმის გასარკვევად თუ, რატომ არ გაიცა წერილობითი რეკომენდაციები.