რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავისი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო კონტინგენტი ჩააყენა. უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ ნატოს წევრი ქვეყნები. მსოფლიო ორ სლავურ მეზობელ სახელმწიფოს შორის შესაძლო ომზე საუბრობს, მაგრამ ბევრი ექსპერტის აზრით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დაწყება. უკრაინაში შესაძლო ომის რა გავლენას მოახდენს საქართველოსა და სომხეთზე; ქართული და სომხური სამხედრო კონტინგენტის უკრაინის ომში შესაძლო მონაწილეობაზე JNEWS -ს პოლიტოლოგი, საქართველოს რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილ მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
რომელ კონფლიქტს შეუძლია საქართველოზე მეტი გავლენის მოხდენა – ყარაბაღის მეორე ომს, თუ რუსეთ-უკრაინას შორის შესაძლო ომს?
-უკრაინის საკითხი უფრო მეტ გავლენას მოახდენს. იმიტომ, რომ უკრაინა, სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ნატოში გაწევრიანებას ისწრაფვის. სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულმა ვითარებამ შეიძლება გავლენა იქონიოს რეგიონზე, მაგრამ არა უშუალოდ საქართველოს ბედზე. მაგრამ საქართველოს ბედზე შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს რუსეთის დამოკიდებულებამ უკრაინის მიმართ, რადგან თუ რუსეთი თავის გზას გაივლის და უკრაინა შეწყვეტს სვლას ნატოსკენ, ვფიქრობ, ეს გავრცელდება საქართველოზეც და პირიქით. თუ უკრაინა თავის მიზანს მიაღწევს და მაინც შევა ნატოში, აუცილებლად დაუჭერენ მხარს საქართველოს ნატოში შესვლას. ანუ საქართველოს გარეშე უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება და პირიქით. სამწუხაროდ, არის მომენტი, როდესაც ჩვენ ორნი მივისწრაფვით ნატოსკენ.
თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მაინც დაიწყო, რა პოზიციებს დაიკავებენ მეზობლები – სომხეთი და საქართველო?
-გასაგებია, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამან ყოველთვის უნდა იმოქმედოს მათ საგარეო პოლიტიკაზე. სომხეთი დღეს არის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი, არის თავმჯდომარე, საქართველო ისწრაფვის ნატოში გაწევრიანებას. სომხეთი არის ევრაზიული ეკონომიკური საბაჟო კავშირის წევრი, საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ხელს არ უშლის ჩვენს კეთილმეზობლობას. ჩვენი ისტორიული კავშირები უფრო ძლიერია, ვიდრე დღევანდელი რეალობა. ამის მიუხედავად, ღმერთმა არ ქნას, ომი დაიწყოს, საქართველო უკრაინას აუცილებლად დაუჭერს მხარს. მაგრამ სომხეთს, სავარაუდოდ, უფრო ნეიტრალური პოზიცია მოუწევს. ახლახან ალიევი უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერად გაემგზავრა უკრაინაში. ერდოღანი ერთ დღეს უკრაინაში გაემგზავრება მხარდასაჭერად. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებიც უნდა ჩავიდნენ. მაგრამ მე რომ სომხეთის მოქალაქე ვიყო, ვიტყოდი, რომ სომხეთი არ უნდა წავიდეს, რადგან სომხეთს განსხვავებული შეხედულებები აქვს მის მომავალზე. თითოეული სახელმწიფო თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. სომხეთის სახელმწიფო ინტერესები, მაინც რუსეთთან მეტ-ნაკლებად მჭიდრო ურთიერთობაა. ამიტომ ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტი უკეთესია. იგივე მოხდა 2008 წელს. მაშინ სომხეთი ძალიან მკაფიოდ უჭერდა მხარს საქართველოს ბევრ საკითხში, მაგრამ განცხადების, დიპლომატიის დონეზე ცდილობდა ნეიტრალური ყოფილიყო.
მაგრამ მაინც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ქართველები და სომხები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უკრაინაში?
– არ მგონია, რომ სომხებმა და ქართველებმა ომის საპირისპირო მხარეს იბრძოლონ. თუ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია არ შევიდა, რატომ უნდა გაგზავნოს სომხეთმა თავისი სამხედრო კონტიგენტი ომში? ეს უნდა იყოს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გადაწყვეტილება. არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი გზაა მისთვის. ამას ძალიან უარყოფითად უყურებს არა მარტო სომხეთი, არამედ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ყველა სხვა წევრი სახელმწიფოც. ეს არ არის მხოლოდ სომხეთი, ეს არის ყაზახეთი, ყირგიზეთი… არავის მოეწონება რუსეთის აგრესიის მხარდაჭერა უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, უკრაინაში საბრძოლველად, არც ერთი სომეხი, ყაზახი, ყირგიზი სამხედრო არ წავა. ეს თვით რუსეთს გაანადგურებს. რუსეთისთვის ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება. თუ ღმერთმა არ ქნას და ომი დაიწყება, იქ მხოლოდ რუსული ჯარები იბრძოლებენ და არა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია.