ახალქალაქის მუნიციპლიტეტის საკრებულოს დეპუტატი პარტია „ლელოდან“,. ზაქარ ზაქარიანი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც მუნიციპალიტეტში პურის წარმოებას გააკონტროლებს, რადგან პურის გაძვირებასთან ერთად მისი წონაც იკლებს.
დღეს, 25 იანვარს, სივრცითი და ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე პარტია “ლელოს” დეპუტატმა ზაქარ ზაქარიანმა საკრებულოს წევრებს შესთავაზა შეიქმნას კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტში პურის წარმოებას შეისწავლის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას [GNERC] მიმართავს.
„პურის საკითხი ძალიან სერიოზულია, დეპუტატი უნდა იყოს იქ, სადაც არის ხალხი, სადაც ხალხს აუჭირს. პური იმდენად პატარა გახდა, რომ თუ დიდხანს გამოცხვება პური დაიწვება და თუ ნაკლებად უმი დარჩება ცომი. მოდით წერილი გავუგზავნოთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას [GNERC]; ეს საკითხი მარტო მე არ მაწუხებს, პურს ყოველდღიურად ვიყენებთ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ფქვილი 10 ლარით გაძვირდა, პური 1 ლარი ღირს, მაგრამ მწარმოებლები 10 ლარით გაძვირებისას 180 ლარის შემოსავალს იღებენ. ჯავახეთში პურის ფასი საქართველოში ყველაზე მაღალია, შევქმნით კომისიას და შევისწავლოთ ეს საკითხი. უფლება გვაქვს გავაკონტროლოთ მუნიციპალიტეტში პურის წარმოება. “ – თქვა ზაქარ ზაქარიანმა.
მან კოლეგებს ასევე შესთავაზა, შეიკრებოს მუნიციპალიტეტის ყველა მცხობელი და ეს საკითხები მათთან ერთად განიხილონ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია პურის ფასს არ აკონტროლებს, თუმცა შეთანხმდნენ, რომ კომისია შეიძლება შეიქმნას და შეისწავლოს სიტუაცია.
„ხვალ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შევთავაზებთ კომისიის შექმნას, იმუშავებს, შეისწავლის სიტუაციას, გაარკვევს ვის უნდა დაუკავშირდეს ამ საკითხზე და მიმართოს სადაც საჭიროა“, – თქვა ნაირი ირიციანმა.
საკრებულოს სხდომა 26 იანვარს გაიმართება.
ჩვენი მონაცემებით, ახალქალაქში 8 პურის და 6 ლავაშის თონეა.
Jnews-მა დღეს ორი განსხვავებული პური აწონა. ჩვეულებრივი პური იწონიდა 520 გრამს და ღირს 1 ლარი 20 თეთრი, ანუ 1 კგ პურში მომხმარებელი საშუალოდ 2 ლარს 30 თეთრს იხდის. 2 თონის პური იწონიდა 770 გრამს და ღირს 2 ლარი, 1 კგ პური 2 ლარსა და 50 თეთრზე მეტი ღირს.