საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში „ომიკრონის“ 1 200-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. მისივე ინფორმაციით, უმრავლეს შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა.

თამარ გაბუნიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილი ორჯერადად ვაქცინირებულია. ამასთან, ვაქცინაციის ეფექტურობაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბუსტერდოზა ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს თითქმის აორმაგებს.

„ომიკრონით“ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული. ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვაქცინაციის ეფექტურობა „ომიკრონის“ წინააღმდეგაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. ბუსტერდოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს. „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 200-მდეა. ამ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14-ს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ „ომიკრონით“ ინფიცრებულთა დიდი ნაწილი იყო ორჯერადად ვაქცინირებული, ასევე გაკეთებული ჰქონდათ ბუსტერ დოზები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.