ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კარანტინისა და იზოლაციის ვადების კიდევ უფრო შემცირებას არ გამორიცხავს.
დღეიდან, 17 იანვრიდან კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის და მათი კონტაქტებისთვის იზოლაციის ვადები შემცირდა. მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადად 8 დღე განისაზღვრა. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. საშუალო და მძიმე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა მინიმუმ 10 დღეა.
ბოლო 3 თვის განმავლობაში ვაქცინირებულ კონტაქტებს იზოლაცია არ მოეთხოვებათ. არავაქცინირებული პირების შემთხვევაში, რჩება რეკომენდაცია, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში, შემდეგ კი, 9-12 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პირბადე.
„ომიკრონიდან გამომდინარე იზოლაციის და კარანტინის ვადები 12-დან 8 დღემდე შევამცირეთ. თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს რომ ვნახულობთ, შეიძლება ამის კიდევ გადახედვაზე ვიმსჯელოთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სავალდებულოა 5 დღე“, — განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.