დასაქმების შესაძლებლობის ნაკლებობა ახალგაზრდებისთვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა ქალებისთვის, მედიკამენტების შესაძენად არასაკმარისი თანხა ხანდაზმულებისთვის – ეს და სხვა პრობლემები გამოიკვეთა ნინოწმინდაში მცხოვრები სამი მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებების კვლევის დროს, რომელიც ა. ო. სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა პროექტის „თვითმმართველობა ადგილობრივი თემისათვის“ ფარგლებში ჩაატარა.
პროექტის მიზანს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საჭიროებების გამოვლენა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ამ საჭიროებების ასახვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ფოტოზე: სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა პრიორიტეტების გამოვლენა.
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნინოწმინდაში 8 პოლიტიკური პარტია და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა 79%-მა ნდობა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ანივარდ მოსოიანს გამოუცხადა.
საკრებულოში ჯამში ოთხი პარტია – „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შევიდნენ.
საკრებულოში პროპორციული სიით მხოლოდ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მოხვდა. უმრავლესობა ისევ „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა. ათივე მაჟორიტარულ ოლქში არჩეული ყველა დეპუტატი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელია.
ახალგაზრდების, ქალების, ხანდაზმულების პრობლემები და მათი მოგვარების გზები ნაწილობრივ მოხვდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის და ამჯერად უკვე ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის წინასაარჩევნო პროგრამაში. მმართველი გუნდის გარდა სხვა პოლიტიკურ პარტიებს კონკრეტულად ნინოწმინდისთვის ოფიციალური წინასაარჩევნო პროგრამა და დაპირებები არ ჰქონიათ. ისინი მხოლოდ ცენტრალური ოფისების მიერ გამოქვეყნებული ზოგადი პროგრამებით შემოიფარგლებოდნენ. მათ ნინოწმინდელების საჭიროებებზე თავიანთი სამომავლო ხედვები წერილობით გაგვიზიარეს.
ნინოწმინდაში მცხოვრები ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა. ქალაქსა და სოფლებში სკვერების, სპორტული მოედნების და შემეცნებითი სივრცეების სიმცირე. – ამ გამოწვევის მოსაგვარებლად პოლიტიკური პარტიების ხედვა/დაპირებები ასეთია:
„ევროპული საქართველო“
პარტიის წარმომადგენელთა აზრით „სპორტის განვითარებისათვის საჭიროა სხვადასხვა სახის სპორტის მწვრთნელების მხარდაჭერა ადგილობრივი ბიუჯეტიდან … უნდა ვითანამშრომლოთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობენ, მოვიძიოთ ფინანსები იმ სივრცეების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თვითრეალიზებას.“ – უპასუხა პროექტის გუნდის შეკითხვებს ევროპულმა საქართველომ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„სოფლებში უნდა შეიქმნას ნორმალური პირობები ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებისათვის. კულტურის სახლებში უნდა გამოიყოს ოთახი ახალგაზრდებისათვის შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობით. ასევე, ნინოწმინდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი უნდა აღიჭურვოს თანამედროვე აპარატურით, აქტიური საქმიანობისათვის“- უპასუხა მონიტორინგის ჯგუფის შეკითხვებს ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.
„გახარია საქართველოსთვის“
„სასოფლო თემებში შენობები, რომელთაც დაკარგული აქვთ ფუნქცია, უნდა აღიჭურვოს თანამედროვე ტექნიკით, რომ გახდეს სივრცე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებისა და ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებისათვის. ამის რესურსი არსებობს“- განაცხადა პარტიის პირველმა ნომერმა, ნარინე გინოსიანმა პროექტის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
„2021-2023 წლებში დაგეგმილია რამდენიმე სოფელში სპორტული დარბაზების და მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და მშენებლობა“ – ვკითხულობთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში.
„რაც შეეხება სკვერების მოწყობას – ქალაქ ნინოწმინდაში დაგეგმილია ერთი ახალი სკვერის მშენებლობა, ხოლო „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია ქალაქ ნინოწმინდის 2 პარკის რეაბილიტაცია. ადგილობრივ ბიუჯეტში იქნება გამოყოფილი თანხები ამ პროექტების განხორციელებისთვის“-ასეთი იყო მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის პასუხი პროექტის გუნდის შეკითხვებზე.
ახალგაზრდები ნინოწმინდაში პროფესიული გადამზადების შესაძლებლობის და სტაჟირების პროგრამების ნაკლებობას უჩივიან, რაც ხელს უშლის ადგილობრივი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დასაქმებას. ამ გამოწვევაზე პოლიტიკური პარტიების მოსაზრება არაერთგვაროვანია:
„ევროპული საქართველო“
„საჭიროა ახალგაზრდებთან მუშაობა იმისათვის, რომ გამოვავლინოთ მათი უნარ-ჩვევები, უნდა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების დასაქმებას მათი უნარების შესაბამისად,“ – უპასუხა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა პროექტის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ნინოწმინდაში უნდა დაარსდეს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც იქნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე“ – ასეთია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, თაგუჰი ვარდანიანის პოზიცია.
„გახარია საქართველოსთვის“
„ახალგაზრდებისათვის უნდა მოხდეს სტაჟირებების უზრუნველყოფა ნინოწმინდის ყველა სტრუქტურასა და დაწესებულებებში. ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკა, უკვე რამდენიმე წელია ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების დასაქმებას და რასაკვირველია ამ პროგრამას ჩვენი პარტიის ძალისხმევით კიდევ უფრო განვავითარებთ. აუცილებლად უნდა მოხდეს ნინოწმინდაში პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დაფუძნება, რეგიონში საჭირო პროფესიებით“ – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სიის პირველმა ნომერმა ნარინე გინოსიანმა პროექტის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
„2021 წელს ნინოწმინდის მერიაში სტაჟირება გაიარა ექვსმა სტუდენტმა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი თვითმმართველობაში დასაქმდა 5 კურსდამთავრებული. ჩვენს ინტერესებში შედის მეტი ახალგაზრდების დასაქმება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უწყებებში“ – ასეთია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოზიცია. „ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვასა და მათ მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებას“ – წერს მერობის კანდიდატი ანივარდ მოსოიანი წინასაარჩევნო მიმართვაში, რომელიც არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.
ნინოწმინდაში ადგილობრივი ქალების უმეტესობა სასოფლო სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული. მოყვანილი პროდუქტი მათი შემოსავლის მთავარი წყაროა. მნიშვნელოვანი გამოწვევა კი ამ პროდუქტის რეალიზაციაა. ამ გამოწვევასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა ასე უპასუხეს პროექტის გუნდის შეკითხვას:
„ევროპული საქართველო“
„შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მწარმოებლების და მომხმარებლების ინტერესების დასაცავად.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„მოსაძიებელია ბაზარი იმ პროდუქტის რეალიზაციისთვის, რომელსაც ნინოწმინდელი ქალები აწარმოებენ.“
„გახარია საქართველოსთვის“
„უნდა მოხდეს ინფორმირება; კონსულტაციები და შესაბამისი სპეციალისტებით უზრუნველყოფა მოყვანილი პროდუქტის ხარისხის გაზრდის მიზნით; უნდა მოხდეს რეალიზაციის ბაზრით უზრუნველყოფა.“
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
„ვგეგმავთ ადგილობრივი ბაზრის შექმნას, ამ ბაზრის გაპიარებას, რათა მოხდეს არამარტო მიმდებარე მუნიციპალიტეტების მყიდველების მოზიდვა, არამედ ჩვენი პროდუქციის რეალიზება ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაიდგას მეწარმეობის განვითარების მხარდასაჭერად. მეწარმეობით დაინტერესებული მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პროგრამებსა და გრანტებში. ასევე გვაქვს პროგრამა ამ პირებისათვის ხელშემწყობი გარემოს და პირობების შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.“
ქალების გამოწვევები ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობას უკავშირდება. ქალები ნინოწმინდაში ამ პრობლემაზე საუბარს გაურბიან და მოძალადის შიშით ძალადობრივ გარემოში უწევთ ცხოვრება. მუნიციპალიტეტში არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი პროგრამა.
ამ თემაზე პარტია „ევროპული საქართველოს“ პოზიცია პროექტის გუნდისთვის უცნობია. დანარჩენი სამი პარტიის ხედვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთია:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ქალთა ოთახში უნდა არსებობდეს კადრი, რომელიც უნდა მუშაობდეს ძალადობის საკითხებზე. საჭიროა გამოიყოს შენობა, სადაც იცხოვრებენ ძალადობის მსხვერპლი ქალები. სკოლაში უნდა იყოს არჩევითი გაკვეთილი თემაზე „ჩვენი უფლებაა ვიყოთ ძალადობისგან დაცულნი“ – განაცხადა სატელევიზიო დისკუსიის დროს სიის პირველმა ნომერმა, თაგუჰი ვარდანიანმა.
„გახარია საქართველოსთვის“
“საჭიროა ქალების ინფორმირება მათ უფლებებზე; უნდა დაინერგოს სპეციალური პროგრამები ქალებისთვის, მათი უნარების და შესაძლებლობების ამაღლებისთვის; უნდა არსებობდეს პროგრამები იურისტების და ფსიქოლოგების მომსახურების უზრუნველყოფით“ – უპასუხა პარტიამ მონიტორინგის ჯგუფის შეკითხვებს .
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
„მართალია მუნიციპალიტეტში არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი პროგრამა, მაგრამ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სოციალური და მოსახლეობის დაცვის სამსახურის გენდერული თანასწორობის განყოფილება ძალიან აქტიურად არის ჩართული ქალების ყოველდღიურობაში, ამისათვის განყოფილება ატარებს ძალიან ბევრ ღონისძიებებს ქალების ჩართულობისთვის საზოგადოებრივ საქმიანობაში… გარდა ამისა, იგეგმება მერიის შესაბამის სამსახურში ფსიქოლოგის აყვანა, რათა მოხდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქოლოგიურად დახმარება. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით ვგეგმავთ საცხოვრებელი ფართის გამოყოფას/მშენებლობას უსახლკაროდ დარჩენილი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის“-ასეთია ,,ქართული ოცნების“ პოზიცია, რომელიც მან მონიტორინგის ჯგუფს წერილობით აცნობა.
სტატისტიკურად მედიკამენტების მომხმარებლები ძირითადად ხანდაზმულები არიან. ნაკლები ხელმისაწვდომობა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე და მაღალი ფასი მედიკამენტებზე ნინოწმინდაში მცხოვრები ხანდაზმულების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. პოლიტიკური პარტიების აზრით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება.
„ევროპული საქართველო“
„ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საჭიროა დამატებითი რესურსების მოზიდვა. გარდა ამისა, აუცილებელია სოციალურ დახმარებებზე ბიუჯეტის ხარჯვის მკაცრი კონტროლი. უნდა იყოს ცალკე განყოფილება, რომელიც იმუშავებს აფთიაქებთან, რომ მოხდეს მხარდაჭერა მედიკამენტებზე“ – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა პროექტის ფარგლებში გამართული სატელევიზიო დისკუსიის დროს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„საჭიროა ბიუჯეტიდან მედიკამენტების შესაძენად სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების სუბსიდირება. შეიძლება გაიხსნას ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობისგან მედიკამენტების მიღება და გადახარისხება მათი ხელახალი გამოყენების მიზნით. ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები და სოციალურად დაუცველებს მინიმუმ 50% -ით უნდა დაუფინანსდეთ მედიკამენტების ღირებულება“- განაცხადა დისკუსიის დროს ნინოწმინდაში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაგუჰი ვარდანიანმა.
„გახარია საქართველოსთვის“
„აუცილებელია პირველ ეტაპზე საკითხის სიღრმისეული შესწავლა და კვლევა. უნდა შეიქმნას იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტებით დახმარებას. უნდა შეიქმნას სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელი მედიკამენტების ჩამონათვალი და უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან მედიკამენტების ყოველთვიური ვაუჩერებით უზრუნველყოფა“-ასეთია ნინოწმინდაში პარტიის ლიდერის, ნარინე გინოსიანის პოზიცია, რომელიც მან მონიტორინგის ჯგუფს წერილობით აცნობა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხაზგასმით არაა მითითებული სამედიცინო დახმარება ხანდაზმულებისთვის, რადგან სამედიცინო დახმარებისათვის გამოყოფილი თანხით სარგებლობა ეხება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას განურჩევლად ასაკისა. საკითხი, რომ ხანდაზმულები არიან შეზღუდულნი სამედიცინო დახმარების სარგებლობით, არ არის აქტუალური მუნიციპალიტეტში, მათ აქვთ საშუალება ჩვეულებრივად ისარგებლონ მუნიციპალიტეტის სოციალური პაკეტით გათვალისწინებული ხარჯებით და თუ მივიღებთ ხანდაზმულების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის სხვა სახის დახმარების შემოთავაზებას, რა თქმა უნდა იქნება გათვალისწინებული და ასახული იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში“-ასეთია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოზიცია თემასთან მიმართებით.
ნინოწმინდის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.
არის თუ არა გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში ის გამოწვევები, რომელზეც ახალგაზრდები, ქალები და ხანდაზმულები საუბრობენ – ამის გასარკვევად პროექტის გუნდმა ნინოწმინდის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საჭიროებების ჭრილში გაანალიზა.
2022 წლის ნინოწმინდის ადგილობრივი ბიუჯეტი 8 მლნ 980 ათასი ლარით განისაზღვრა. ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ჯგუფის კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებები და წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი შესულია ბიუჯეტში.
მაგალითად, ახალგაზრდების საჭიროებებისთვის იგეგმება სპორტული დარბაზების მშენებლობა. რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაციასა და სპორტული დარბაზების მშენებლობისათვის 900,000 ლარია გამოყოფილი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფ. განძისა და ნინოწმინდის სპორტული დარბაზების მშენებლობა, ასევე დასასვენებელი ზონის მოწყობა პუშკინის ქ. #49 ის მიმდებარედ.
გარდა სპორტული დარბაზებისა, ბიუჯეტში ქალაქისა და სოფლის ბიბლიოთეკების ხელშეწყობის მიზნით 83 500 ლარით დაფინანსდება ნინოწმინდის მთავარი
ბიბლიოთეკა, ამ თანხაში სხვა ხარჯებთან ერთად შედის წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით, ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით.
ადგილობრივ ბიუჯეტში ჯერ-ჯერობით არ არის განსაზღვრული თანხა ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსებისათვის, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო დაპირებაში გაჟღერდა. ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას ნინოწმინდელი ახალგაზრდები ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებენ.
ქალების საჭიროებებიდან, რომელიც კვლევის შედეგად გამოვლინდა, ნინოწმინდის ადგილობრივ ბიუჯეტში მოხვდა სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა. 2022 წლის ბიუჯეტით დაფინანსდება საბავშვო ბაღების მშენებლობა სოფელ ჟდანოვაკანში, პატარა ხანჩალსა და რადიონოვკაში. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულალისის საბავშვო ბაღს. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაც იმ 900 ათას ლარში შედის, რომელიც რიტუალების სახლების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაციასა და სპორტული დარბაზის მშენებლობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ხანდაზმულების საჭიროებებს, მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა და შინმოვლის პროგრამა ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. თუმცა, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ეხება ბიუჯეტის მე-17 მუხლი, სადაც ამ სფეროს დაფინანსებისთვის 697 500 ლარია გამოყოფილი. აქედან – ნინოწმინდის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის ხარჯებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 180 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამა გულისხმობს სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს) სტაციონარულ და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებას. დაფინანსდებიან მოქალაქეები სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა. ასევე დაფინანსდებიან პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და საჭიროებენ სტაციონარულ-ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა. ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 100%-ით, არაუმეტეს 100 ლარისა.
თუკი შევაჯამებთ, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დისკურსი ნაკლებად ეხებოდა ამომრჩევლებისათვის პრობლემების მოგვარების საკუთარი ხედვისა და სტრატეგიის გაცნობას და უფრო ხშირად აგებული იყო მხარეების ურთიერთბრალდებებზე. პარტიები და მათი ლიდერები ნაკლებად საუბრობდნენ ადგილობრივი თემის კონკრეტულ საჭიროებებზე, მათი გზავნილები უფრო ზოგადი დაპირებებით შემოიფარგლებოდა.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი თემის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საჭიროებების ნაწილი აისახა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამაში. მათგან მცირე ნაწილი მოხვდა ნინოწმინდის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში. თუმცა სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები გათვლილია 2022-2025 წლებზე და ამ ეტაპზე რთულია საუბარი, რამდენად იქცევა ეს დაპირებები რეალობად.
დაპირებები არ გაუციათ, თუმცა მონიტორინგის ჯგუფს კვლევის შედეგად გამოვლენილი ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების გამოწვევების მოგვარების საკუთარი ხედვა და პოზიცია გააცნეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ისინი ნინოწმინდის საკრებულოში უმცირესობაში არიან (საკრებულოს წევრთა რაოდენობის 10%). წარადგენენ თუ არა ისინი ინიციატივას საკრებულოში, რომლის მიზანი იქნება ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პრიორიტეტული პრობლემების მოგვარება, ან რამდენად შეძლებენ საკრებულოში თანამოაზრეების შემოკრებას და მხარდაჭერის მოპოვებას, ეს მონიტორინგის შემდგომი ეტაპის თემაა.
იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები მოქალაქეების, განსაკუთრებით ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საჭიროებებს ასახავდეს, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა (როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებიდან) ხელი შეუწყონ მოქალაქეთა თანამონაწილეობას, განსაკუთრებით ბიუჯეტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში.
მაია მამასტარაშვილი
ჟურნალისტი
მონიტორინგის ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://drive.google.com/file/d/1RzPVslU-qoD-l_K-f9d3IIrjZMt-uOn6/view?usp=sharing