ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კორონავირუსით ინფიცირებულებს ომიკრონის შტამზე ტესტირებას ვერ უტარებს, რადგან შესაბამისი ტესტები არ აქვთ. ზოგადად, ახალქალაქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მშვიდია, თუმცა ძნელია იმის თქმა, ეს რეალურად ასეა, თუ საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით მოსახლეობის პასიურობიდან გამომდინარეობს.
„ვერ ვიტყვით, გვაქვს თუ არა „ომიკრონი“, ტესტები არ გვაქვს. იყო უქმეები, ტესტების გაკეთებისას, დღეში 2-3 შემთხვევა ფიქსირდებოდა, იყო დღეები, როცა კორონავირუსის შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა. ორ დღეში იქნება შესაძლებელი იმის თქმა, თუ რა მდგომარეობაა კორონავირუსთან დაკავშირებით“, – თქვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სირუშიკ ტონაკანიანი.
დღეს, 10 იანვარს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 104 ტესტი გაკეთდა, მათგან 90 ანტიგენზე და 14 PCR-ი, რის შედეგადაც კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა.
ახალქალაქის ბევრმა მკვიდრმა საახალწლო არდადეგები თბილისში აღნიშნა, სადაც უკვე გავრცელებულია ომიკრონის შტამი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში ინფიცირების მატებას პროგნოზირებს და სიფრთხილისა და ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებს.