ფრანგმა მეცნიერებმა კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი აღმოაჩინეს, რომლის შესახებ ჯერ მწირი ინფორმაციაა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, მანამდე უცნობი შტამი კამერუნიდან დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელმაც საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში სავარაუდოდ 12 ადამიანი დააინფიცირა. ინფიცირებულებისგან მიღებულმა ტესტმა „მუტაციის ატიპიური კომბინაცია“ აჩვენა. კორონავირუსის ამ ახალმა შტამმა დროებით აღნიშვნა B.1.640.2 მიიღო და ის მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერემა აღმოაჩინეს.
წინასწარი კვლევებით, ახალ შტამში 46 მუტაცია გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ ეს შტამი კიდევ უფრო მეტად გადამდები იყოს, თუმცა ამის თაობაზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არის, რადგან კვლევა საწყის ეტაპზეა.
ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი დომინირებს, რომელიც ინფიცირების 60%-ზე მეტს შეადგენს.