ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულო სოფლების მოსახლეობის თხოვნას ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე, უსახსრობის გამო, უარს ეუბნება. ამასობაში ბიუჯეტის პროექტში იმატებს ზოგიერთი პუნქტის დაფინანსება, რომელიც თავად ხელისუფლებას ეხება, ჩნდება ახალი ხარჯები, მტკიცდება ძველი ხარჯები, რომლებიც არ არის მიმართული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.

წლის ბოლოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტს, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, განიხილავენ. განხილვის შემდეგ, პროექტი ახალ წლამდე უნდა დამტკიცდეს.

ბიუჯეტის პროექტში შესულია მუხლები, რომლებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფაა დაგეგმილი.

მაგალითად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელფასო ფონდი 520 800 ლარია, საიდანაც 500 700 ხელფასია, დანამატი კი 20 100 ლარი. აღსანიშნავია, რომ შარშან ხელფასზე 500 700 ლარი იყო გამოყოფილი, დანამატისთვის კი 10 100 ლარი. ანუ ახალი ბიუჯეტის პროექტით, წლევანდელი მატება 10 000 ლარით მეტია. საკრებულოს თანამშრომლები ხელფასების გარდა ხარჯავენ საკრებულოს თანამშრომელთა საჭიროებებზეც: კორპორატიულ ღონისძიებებზე – 7000 ლარი, გართობის ხარჯი – 2000 ლარი, ტრანსპორტირების ხარჯი – 26 000 ლარი, აქედან 16 000 მხოლოდ საწვავზე, 10 000 მომსახურების ხარჯი. საკრებულოს წევრების ხარჯები 104 000 ლარს შეადგენს.

მთლიანობაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჭიროების უზრუნველყოფა გადასახადის გადამხდელებს წელიწადში 776 100 ლარი დაუჯდებათ. შარშან ეს თანხა 28 798,2 ლარით ნაკლები იყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელფასო ფონდი ბიუჯეტის ამ პუნქტში ცვლილების გარეშე მიღების შემთხვევაში 1 038 200 ლარს შეადგენს. შარშან ეს თანხა 964 100 ლარი იყო. ამ 1 038 200 ლარიდან 890 000 ლარი გამოიყოფა ხელფასზე, ხოლო 148 200 ლარი დანამატზე, აღვნიშნავთ, რომ შარშან დანამატი თითქმის ნახევარით ნაკლები იყო და 74 100 ლარი შეადგინა. ხელფასებისა და დანამატების გარდა, 2022 წელს ქალაქის ადმინისტრაციას სამედიცინო დაზღვევისთვის 100 000 ლარი გამოეყოფა. ზოგადად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საჭიროების უზრუნველყოფა 2 713 430 ლარი დაჯდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურისთვის სახელფასო დანამატის ოდენობა 6600-დან 13 200 ლარამდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ წლეულს, არც ერთი მასობრივი ღონისძიება არ გამართულა, კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანზე მომავალ წელს თანხა გამოიყო. თუ წელს ამირანის გორის საზაფხულო ბანაკისთვის 0 ლარი გამოიყო, მომავალ წელს 40 000 ლარი გამოიყოფა. ჯივანის დღესასწაულზე 6000 ლარიც გამოიყო, 2021 წელს ამისთვის თანხა არ გამოყოფილა. სოფელ ვარევანსა და სულდაში ღონისძიებებისთვის 500 ლარი გამოიყო, შარშანაც ამდენივე იყო, თუმცა ეს ღონისძიებები არ განხორციელებულა. მომავალ წელს ქალაქ ახალქალაქის დღის აღსანიშნავად 20 000 ლარი გამოიყო, ამდენივე გამოიყო მიმდინარე წელსაც, მაგრამ სხვა ღონისძიებების მსგავსად, არ ჩატარდა.

როგორც შარშან, ასევე წლეულს, რაგბის კლუბისთვის (“იძულებითი” შენატანი) 55 000 ლარს  გამოყოფენ. ქალაქის აუზის ექსპლუატაციისთვის 180 000 ლარი გამოიყო, რომელსაც ერთი დღითაც არ უმუშავია, თუმცა 2021 წელს მის მოვლა-პატრონობაზე 93 000 ლარი გამოიყო. კლუბის ასოციაცია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სოფელში კლუბები დანგრეულია და არ ფუნქციონირებს, 158 800 ლარია გათვალისწინებული. წლეულს ეს თანხა 154 000 ლარი იყო.

2021 წელს ადგილობრივი ტელეარხის – ATV-12-ისთვის 30 000 ლარი გამოიყო, მომავალ წელს ამდენივე  გამოიყოფა. ასევე 4 900 ლარია გამოყოფილი და გამოიყოფა GUARDIAN.ge-სთვის, ხოლო 2750 და 3000 ლარი – “ექსპრესნიუსისთვის”. ახალქალაქის ბიუჯეტიდან 3000 ლარია გამოყოფილი „ეტალონის“ გვერდისთვის, რომელიც განათლების საკითხებს აშუქებს.