ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ექთნები საკუთარ სახლებში მუშაობენ, რადგან სოფლებში ან ამბულატორიები არ არის, ან მხოლოდ შიშველი კედლებია ელექტროენერგიის, წყლისა და აღჭურვილობის გარეშე. ექთნები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, უზრუნველყონ მათთვის ოთახები, სადაც ნორმალური სამუშაო პირობები იქნება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ექთნები ამბობენ, რომ სოფლების ამბულატორიები ავარიულ მდგომარეობაშია, არ არის წყალი, დენი, გაზი და საჭირო ინვენტარი. იძულებულნი არიან იმუშაონ სახლებში, რაც კანონით მიუღებელია და მათთვის მოსახერხებელი არ არის. ბევრს სახლში არ აქვს ადგილი აღჭურვილობისთვის, მედიკამენტებისთვის და სხვა ყველაფრისთვის, მაგრამ ექთნებსაც არ სურთ პაციენტების სახლში მიღება. ასეთი მდგომარეობაა სოფელ გომანში, თირკნაში, კიროვაკანში, ორჯაში, მერენიაში, არაგვაში, თოთხამში, მაჯადიაში, ოლავერდში, იხტილაში, ბალხოში და სხვა.
სოფელ ბალხოდან მანუშაკ ავაგიანი სწუხს, რომ სოფელში პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი არ არსებობს, ამიტომ იძულებულია სახლში იმუშაოს.
“მთლიანი აპარატურა, რაც მივიღე, ჩემს სახლშია, მაგრამ სახლში ადგილი არ მაქვს”, – ამბობს იგი.
ნანული პაპოიანმა თავისი სახლის ერთი კუთხე „პირველ სამედიცინო დახმარების პუნქტად“ აქცია, მაგიდა დადგა, აუცილებელი მედიკამენტები დააწყო, რომ მოსახერხებელი ყოფილიყო, როცა სოფლის მოსახლეობა მას მიმართავს. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობა ჭრილობების, სისხლჩაქცევების შემთხვევაში მიმართავენ მას, როცა სასწრაფო დახმარება ესჭიროებათ საავადმყოფოში მისვლამდე.
სოფელ ოლავერდიდან ერანიაკ გილოიანიც სწუხს, რომ სოფელში სამედიცინო ცენტრი არ არის, ანუ შენობა არის, მაგრამ დანგრეულია, იქ არაფერია.
“წყალი, დენი, ტექნიკა არ არის, წამლები ერთ სახლში დავტოვე, სადაც არავინ ცხოვრობს, სულ ერთ ოთახში დავაწყე, რამდენჯერ ვითხოვე ნორმალური ოთახის გამოყოფა, მუდამ გვპირდებიან,”- წუწუნებს ერანიაკ გილოიანი.
იგივე ვითარებაა სოფელ არაგვაში მდებარე სამედიცინო ცენტრში.
“სამედიცინო ცენტრი არის, მაგრამ ცუდ მდგომარეობაშია, დენი და გაზი არ არის. მითხრეს, შენი ხარჯით გაიყვანე ელექტროენერგიაო, ორი წლის წინ დამპირდნენ, მაგრამ არაფერი გააკეთეს”, – ამბობს სოფელ არაგვას მედდა, აივაზიან რიფსიმე.
გილიზარ ავაგიანი სოფელ ორჯაში მედდაა. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების ლოდინით დაღლილმა სოფლის ჯანმრთელობის ცენტრი თავად მოაწესრიგა და ელექტროენერგიის საფასურს თავად იხდის.
„დენი არის, მაგრამ, რამდენიმე წელია ხარჯებს თავად ვიხდი, ზამთარში თვეში 100 ლარი, ოთახს გამათბობლით ვათბობ. ვალდებული ვარ განა? სახლიდან მაგიდა წავიღე, ტახტი დავდგი და პირობები შევქმენი“, – ჩივის გილიზარ არევიანი.
სოფელ თოთამსა და მაჯადიაში, არა მხოლოდ სამედიცინო ცენტრი არ არის, ექიმიც არის, ექიმის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მისი შემცვლელი არ დაუნიშნავთ.
„ექიმი არ გვყავს, ბავშვების გეგმიიურ ვაქცინაციაზე ვაქცინები არ გაცემულა იმის გამო, რომ ექიმი არ არის, სამედიცინო პუნქტი, ანუ პატარა სახლი, ცუდ მდგომარეობაშია, კარი არ იხურება, წყალი არ არის. ძველი დივანი მე თვითონ დავდე, სახლიდან წავიღე, მაგრამ ასე ნორმალურად მუშაობა არ შეიძლება“, – ამბობს ლუსინე პარონიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში 44 ექთანი და 23 ექიმია. ამბულატორიები ფუნქციონირებს სოფლებში: სულდა, აზავრეთი, ბეჟანო, ალასტანი, ბარალეთი, დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, ჩუნჩხა, ხანდო, ტურცხი, არაგვა. სოფლებში: ჩამდურაში, ზაკში, კარტიკამსა და ღადოლარში ამბულატორიები ბოლო წლებში აშენდა, თუმცა, არც ტექნიკა აქვთ და, არც ელექტროენერგია. სხვა სოფლებში ექთნები სახლიდან მუშაობენ.
ოთხ სოფელში ახალი ამბულატორიის ასაშენებლად 360 000 ლარი გამოიყო, ექვს სოფელში რემონტისთვის 250 000 ლარი – ჯამური თანხა 610 000 ლარი იყო. თუმცა ეს შენობები უკვე ორი წელია უმოქმედოა.
2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში აშენდა ამბულატორიული კლინიკები და სასწრაფო დახმარების ცენტრები. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ოთხ სოფელში აშენდა ამბულატორიები, ხუთ სოფელში კი უკვე არსებულის კაპიტალური რემონტი ჩატარდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების მენეჯერის, ერემ ეზოიანის თქმით, ამჟამად მხოლოდ 7 ამბულატორია მუშაობს და შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია, მაგალითად, სოფელ კუმურდოში, ვაჩიანში, ზაკში, კარტიკამში, ღადოლარში.
სოფლის ამბულატორიების ტექნიკით უზრუნველყოფა ახალქალაქის მერიას არ ევალება, ამას სასწრაფო დახმარების სამსახური აკეთებს. მაგრამ იქიდან Jnews-ს აცნობეს, რომ ახალი და გარეონტებული ამბულატორიები ტექნიკით ცენტრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„ამბულატორიისთვის ინვენტარი იგზავნება ცენტრალიზებულად, მე არ მაცნობებენ, პირდაპირ მიმართავენ ექიმს და უგზავნიან, ამ ბოლოს (3-4 თვის წინ) სოფელ კუმურდოში ინვენტარი მიიღეს, მაგრამ არ ვიცი, რა აღჭურვილობა მიიღეს, აცნობეს მერიას, ალბათ, იმიტომ, რომ უნდა გააკონტროლონ“, – თქვა ადგილობრივი სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ერემ ეზოიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ ამ დროისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლებში ამბულატორიის ასაშენებლად თანხები არ აქვს, თუ სამთავრობო პროგრამა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ააშენებენ.