2021 წლის იანვარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამედიცინო აღჭურვილობა ყველა ექთანს LAG-ისა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად დაურიგდა. მაგრამ აღჭურვილობა ძირითადად არ გამოიყენება – დახურული ექთნების სახლებში ინახება. პაკეტის კომპლექტში დღეისათვის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ისეთი მოთხოვნადი და საჭირო მოწყობილობა შედის, როგორიცაა ნებულაიზერი.
პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 44 ექთანმა მიიღო, მოიცავდა: დისტანციური თერმომეტრი მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის, გულისცემის ელექტრონული მონიტორი მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის, გლუკომეტრი, ნებულაიზერი და ინგალატორი ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის, სადეზინფექციო ხსნარი, კისრის სტაბილიზატორი მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის, ერთჯერადი ხელთათმანები, ნიღბები, ჭრილობების პირველადი ქირურგიული მკურნალობის ნაკრები და მრავალი სხვა ნივთი და აღჭურვილობა.
მერიას სამედიცინო აღჭურვილობის პაკეტები გადაეცა. პაკეტების მიტანისას LAG-ის წარმომადგენლები, ექიმები, რომლებიც ექთნებთან მუშაობდნენ, არ იყვნენ მოწვეული.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 66 სოფელია, მერიამ სამედიცინო აღჭურვილობა 44 ექთანს დაურიგდა. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს არ აქვს სამედიცინო ცენტრი, ზოგიერთ სოფელში კი სულ ოთხი კედელია – არც ტექნიკა, არც წყალი და არც დენი. სოფლების უმეტესობაში მედდა სახლიდან – სახლში მუშაობს, პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები დააქვს (ბინტი, ბამბა, იოდი).
ახალქალაქში ათობით ადამიანი იტანჯება ჟანგბადის, სასუნთქი აპარატის ძიებაში, ბევრი ნებულაიზერს უკვეთავს და რამდენიმე დღე ელოდება, რაც შეიძლება პაციენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, შეიძლება აპარატის მოლოდინში ვერ გადარჩეს.
მოპოვებული ინფორმაციით ათობით ასეთი მოწყობილობა თითქმის ერთი წელია სოფლებში შეუფუთავი დევს. მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის მათი არსებობა და თავად ექთნებმაც არ იციან როგორ გამოიყენონ.
არცერთ ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუმოწმებია ემსახურება თუ არა ისინი დანიშნულებას. შეუძლებელია იმ 44 სოფლის პოვნაც კი, რომლებმაც ეს ტექნიკა მერიისგან მიიღეს.
მოხდა ისე, რომ ექთნებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის დროს მყოფი თანამდებობის პირები გაათავისუფლეს. ახლა ახალქალაქის მერის ყოფილი მოადგილე, არმენ მარანგოზიანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. მერიის სოციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა კლიმენტ ჩტჩიანმა განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი განყოფილებაში იყო, ხოლო მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი დოკუმენტი არ აქვთ. მთელი ეს ტექნიკა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სირანუშ ტონაკანიანმა განაცხადა, რომ უცნობია ტექნიკა ვის გადაეცა.
„სოფლებში სამედიცინო პუნქტების მუშაობას ვაკონტროლებთ. 17 ნოემბერს ყველას დავურეკე, რომ გამეგო, ვინ და რა გასცა. ჩავატარებთ ტრენინგს დადეტალებს განვაცხადებთ. არ ვიცი, რა მისცეს, რა არის შეფუთვაში, მერიაში ექთნებმა ამანათი მიიღეს და სახლში წავიდნენ. ჩემს ბალანსზე არ აღნიშნულა. მათ ექიმები ექთნებთან ერთად უნდა მოეწვიათ“, – განმარტა ახალქალაქის ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სირანუშ ტონაკანიანმა.
სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებისას ახალქალაქის სასწრაფო დახმარების მენეჯერი ერემ ეზოიანიც მოიწვიეს.
„დიახ, სასწრაფო დახმარების მენეჯერის სახელით დამპატიჟეს, პაკეტი გავხსენით, რთული არაფერი იყო, სურვილის შემთხვევაში ყველაფრის გამოყენება შეიძლებოდა. შევთანხმდით, რომ ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში დამირეკავენ და თანამშრომლები ყველაფერს აჩვენებენ და აუხსნიან. მაგრამ ცუდია, რომ ექიმები არ მოიწვიეს. გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება ამის გამო. სოფელ დილისკაში ნახევარ განაკვეთზე ექიმად ვმუშაობ. ჟანგბადის აპარატს ვიყენებთ, რომელიც შეფუთულია. სოფელში სახლიდან სახლში დადიან, ხალხმა აპარატის გამოყენების დრო დაანაწილა “, – განაცხადა ერემ ეზოიანმა.
ახალი სამედიცინო აღჭურვილობა LAG-ისა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში შეიძინეს.
სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 30 ოქტომბერს გამოცხადდა, 167 160 ლარის ოდენობით. თუმცა ტენდერი კომპანია „მედინიუსმა“ 158 560 ლარით მოიგო. 167 160 ლარიდან 150 000 ლარი LAG-მა დააფინანსა, 17 160 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
„LAG-მა მერიასთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით, შეიძინა ეს აღჭურვილობა. რაიონში კოვიდთან საბრძოლველად კონკურსის მე-3 ტური გამოვაცხადეთ, განცხადება მერიამ მოგვაწოდა. ფული გავგზავნეთ, მერიამ კონკურსი გამოაცხადა. შეფუთვაში არსებული ტექნიკის დასახელებაც იქ ჩაიწერა. ტენდერიდან დაახლოებით 9 000 ლარი დაზოგეს. ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ნებართვა გვთხოვეს ამ თანხით ისევ აღჭურვილობა შეგვეძინა. შევთანხმდით და იყიდეს. საბუთები გამოგვიგზავნეს, ვნახე, რომ შეძენილი იყო. LAG-ს შეუძლია აკონტროლოს ვინ არ იყენებს და იმას მისცეს, ვინც გამოიყენებს და ვისაც სჭირდება“, – აღნიშნა ქეთევან რუხაძემ, პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) თანამშრომელმა.
ტენდერიდან დაზოგილი თანხით, 8 600 ლარის ოდენობით შეძენილი დამატებითი სამედიცინო აღჭურვილობა არ დარიგებულა, ის მერიის საწყობშია.
ჯავაირ სამველიანი მედდაა, 38 წლიანი გამოცდილებით, სოფელ იხტილაში მუშაობს. მერიისგან ტექნიკა სოფელ იხტილამაც მიიღო. სოფელში სამედიცინო ცენტრი არ არის. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან პრეტენზია გამოთქვა და მოითხოვა, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტისთვის ერთი ოთახი მაინც გამოეყოთ, რათა ხალხი მიეღო. ამ დროისთვის, ყველა მოწყობილობა მის სახლში ინახება, გამოუყენებული და გაუხსნელია.
აღჭურვილობის მიღების შემდეგ ექთნებმა სამედიცინო აღჭურვილობის მიღების შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
„მიღებული ტექნიკიდან გამოვიყენე სატურატორი, წნევის, სისხლში შაქრის საზომი აპარატი. მხოლოდ ჟანგბადის აპარატი არ გამომიყენებია და ვერც ვმუშაობ ამ აპარატით, თუმცა არც სოფლელებს დასჭირვებიათ. თუ საჭიროება იქნებოდა, ექიმს ვკითხავ, ის დამეხმარებოდა“, – განმარტა ჯავაირ სამველიანმა.
ჯავაირი პაციენტებს სახლში არ იღებს, მისი თქმით, ის მხოლოდ ბავშვებს უტარებს სავალდებულო აცრებს, დანარჩენებთან კი სამედიცინო დახმარების გასაწევად სახლში მიდის.
სოფელ მერენიამაც მიიღო სამედიცინო აღჭურვილობა. აქ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი დანგრეულია, მინები – ჩამტვრეული, ხოლო ინტერიერი – ცარიელი.
მედდა ყველაფერს სახლში ინახავს, ოთახის კუთხე აუცილებელი მედიკამენტებისთვის აქვს გამოყოფილი. მისი თქმით, არაერთხელ ითხოვა პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის მოწესრიგება. არ იცნობს ჟანგბადის მიწოდების აპარატსა და სხვა აღჭურვილობას, რომელიც არც კი იცის რისთვისაა.
„ჩვენ სამედიცინო ცენტრი გვაქვს მხოლოდ ოთხი შიშველი კედლის ნაცვლად. მაგრამ არ არის კარგ მდგომარეობაში, დენი და წყალიც არ მიეწოდება. ამ ოთახის გასაღებიც არ მაქვს. სოფლის უფლებამოსილს ჰქონდა, მაგრამ გარდაიცვალა. სოფელში კორონავირუსით დაავადებულნიც იყვნენ, მაგრამ საავადმყოფოში მკურნალობა ამჯობინეს. სახლში არავის ვღებულობ და ამ აღჭურვილობასაც არ ვრთავ. ექიმებს არც კი აინტერესებდათ, რისთვის ან როგორი აღჭურვილობა იყო“, – აცხადებს სოფელ მერენიანიდან, მედდა ნანული პაპოიანი.
ტექნიკას, რომელშიც თითქმის 200 000 ლარი დახარჯული და, რომელიც ასე აუცილებელია მთელი მსოფლიოსთვის, ახალქალაქში გამოყენების წესი არ დაურთეს.