ახალქალაქიდან თბილისში მგზავრობის საფასური გაძვირდა და 17 ლარის ნაცვლად 20 ლარი შეადგინა, ხოლო თბილისიდან წალკამდე გზის საფასური 15 ლარის ნაცვლად 17 ლარი გახდა.
როგორც მძღოლები ამბობენ, საწვავის გაძვირების გამო, ბილეთის ფასიც გაიზარდა. დიდუბის ავტოსადგურში კი, Jnews-ს განუცხადეს, რომ ტარიფები იგივე რჩება, თუმცა გაძვირებას არ გამორიცხავენ.
მძღოლების ნაწილმა თვითნებურად გადაწყვიტა ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან თბილისში მგზავრობის საფასურის გაზრდა. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის დიდუბის “ოკრიბას” ავტოსადგურში, სადაც ახალქალაქიდან ფიქსირებული ტაქსები შედიან, ფასები უცვლელია, თუმცა გაძვირებას არ გამორიცხავენ. ახალციხეში მგზავრობა 12 ლარი ღირს, გაძვირება კი ჯერ არ არის მოსალოდნელი.
მძღოლები მგზავრობის საფასურის გაძვირების მიზეზად საწვავის გაძვირებას ასახელებენ. ამდენად, ახალქალაქიდან ახალციხის გავლით თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი 17 ლარი ღირდა, თუმცა ახლა ზოგიერთი მძღოლი მგზავრებისგან 20 ლარს ითხოვს. ახალქალაქიდან წალკის გავლით თბილისში მგზავრობა 15 ლარი ღირდა, ახლა კი, 17 ლარი გახდა.
მგზავრებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უკიდურესად არასასიამოვნო პროცესია. გამომდინარე იქიდან, რომ მძღოლები სავარძლების რაოდენობის გაზრდით ცდილობენ მეტი შემოსავლის მიღებას, რაც ამცირებს სკამებს შორის მანძილს, ისინი დისკომფორტს უქმნიან მგზავრს. ასევე, ზოგიერთი მძღოლი მგზავრებს გზიდან ისვამს, უსაფრთხოების ყოველგვარი ზომების დაცვის გარეშე.