ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 245 ტონა სუფრის ყურძენი გავიდა, რაც სექტემბრის ექსპორტის ნახევარია. თუმცა პორტალ EastFruit-ის მონაცემებით, ოქტომბრის მოცულობა, წინა წლების თვიურ მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე დიდია. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, ექსპორტი 40%-ით გაიზარდა.
მთავარი საექსპორტო მიმართულება ისევ რუსეთია, რომელსაც ქართული სუფრის ყურძნის ექსპორტში 92%-იანი წილი უკავია. სექტემბერში დაფიქსირებული საექსპორტო FOB პირობების ფასი 740 დოლარიდან ოქტომბერში 720 დოლარამდე დაეცა.
„ეს არის სეზონური დინამიკა. ოქტომბრის საექსპორტო სუფრის ყურძნის უმეტესი ნაწილი სამაცივრე საწყობებიდან არის გამოტანილი, რის გამოც მყიდველები ნაკლებს იხდიან,“ – წერს EastFruit.
სექტემბრში, სეზონის დაწყებიდან დღემდე, საქართველოდან 775 ტონა სუფრის ყურძენი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტზე 3,2-ჯერ მეტია და რეკორდული მაჩვენებელია.
პორტალის მონაცემებით, 2020 და 2021 წლებში ქართული სუფრის ყურძნის ექსპორტში რუსეთის წილი 100%-ს უახლოვდება.
„მიმდინარე წელს, მიწოდების დროებითი პრობლემების გამო, რუსეთმა საქართველოში, სუფრის ყურძნის გარდა, ხილ-ბოსტნეული მასიურად შეისყიდა. გამეორდება თუ არა ეს მომავალ წელს, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან რუსული ბაზარი ექსპორტის კუთხით არასტაბილურობით გამოირჩევა,“ – წერს პორტალი, რომელიც ქართული სუფრის ყურძნის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს წარმატებისთვის საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციას ურჩევს.