შარშანდელთან შედარებით, მაისის თვეში საკვების ფასები გლობალურად 39.7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევაში, რომელიც მსოფლიოში ბურღულეულის, მცენარეული ზეთის, რძის პროდუქტებისა, ხორცისა და შაქრის ფასებს აანალიზებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ხუთივე ჩამოთვლილი სახეობის პროდუქციის ფასი გაზრდილია, თუმცა ყველაზე მეტად გაძვირდა მცენარეული ზეთი, შაქარი და მარცვლეული.
როგორც გაერო-ში აცხადებენ, საკვებ პროდუქტების ღირებულება მსოფლიოში ბოლო 12 თვეში სტაბილურად მზარდია. ამჟამად, საკვების ფასები მსოფლიოში 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიაა, რის გამოც წარმოებისა და ტრანსპორტირების პროცესი შეფერხდა.
ამავე დროს ქვეყნების ერთ ნაწილში სურსათზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა, თუმცა წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
გაერო-ში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ მოსალოდნელი მაღალი ინფლაცია და გაზრდილი ფასები უარყოფითად აისახება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესზე. ეს განსაკუთრებით ემუქრება ქვეყნებს, რომლებიც „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებენ და კარანტინის რეჟიმიდან გამოდიან. თუმცა, გაეროში პროგნოზირებენ, რომ მაგალითისთვის ბურღულეულის წარმოება წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს, რაც მაღალი ფასების ზეწოლას შეამცირებს.